რელიგია
21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობა აღინიშნება
დღეს მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. ახალციხეში, წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში ღვთისმშობლის შობის აღსანიშნავად სადღესასწაულო წირვა აღევლინება.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი უნაყოფო და მოხუცებული მშობლებისგან იშვა, ქალაქ ნაზარეთში.

მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა - პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი.

ისინი 50 წელი ცოლ-ქმარნი იყვნენ და შვილი არ ჰყავდათ.

უშვილობა იმ დროს უდიდეს სასჯელად და შეურაცხყოფად ითვლებოდა.

მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდა, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ.

ლოცვისა და მარხვის შენახვის შემდეგ, შვილის დაბადების შესახებ ცოლ–ქმარს მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ეუწყათ.

ღვთისმოშიშ მეუღლეებს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ.

იუდეველთა ჩვეულების მიხედვით, ახალშობილისათვის მეთხუთმეტე დღეს სახელი უნდა დაერქმიათ. ყრმას მარიამი უწოდეს, რაც ებრაულად ქალბატონს ან იმედს ნიშნავს.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. უფლის დედა საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში დადგინდა.





| Print |