რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 18 ოქტომბერს წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელი და არქიმანდრიტი იყო. იგი დაახლოებით, 759 წელს დიდგვაროვანთა ოჯახში დაიბადა და ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა. მღვდლად კურთხევის შემდეგ გრიგოლ ხანძთელი სამ მოსაგრესთან: დედის დისწულ საბა იშხნელთან, თეოდორე ნეძვის მაშენებელთან და ქრისტეფორე კვირიკეთის მაშენებელთან ერთად ქართლიდან მესხეთში ჩავიდა. მათ კლარჯეთში, ოპიზის წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში ორი წელი დაჰყვეს. შემდეგ ღირსი გრიგოლი სულიერ ძმებთან ერთად ხანძთაში გადავიდა და იქ მათთან ერთად უმძიმეს პირობებში მონასტრის მშენებლობა დაიწყო.


კლარჯეთი იმ პერიოდში მურვან-ყრუსაგან აოხრებული, გაუდაბურებული იყო. გრიგოლ ხანძთელი დახმარებისთვის აზნაურ გაბრიელ დაფანჩულს დაუკავშირდა, რომლის მეშვეობითაც ხანძთის ძველი ეკლესია ააშენა. გაბრიელ დაფანჩულმა კი გრიგოლ ხანძთელი მეფე აშოტ კურაპალატს წარუდგინა.


წმინდა გრიგოლ ხანძთელი არა მარტო კლარჯეთის უდაბნოს მამებისათვის, არამედ სრულიად ქართლისათვის უდიდესი ავტორიტეტი იყო.


წმინდა მამას ღვთისგან წინასწარ ეუწყა გარდაცვალების დღე. გრიგოლ ხანძთელმა კლარჯეთის უდაბნოს მონასტრებში სანთლები დაგზავნა და ითხოვა, მისთვის ელოცათ. მიცვალების დღეს წმინდანთან გამოსამშვიდობებლად და კურთხევისთვის მეუდაბნოე მამები მივიდნენ. გრიგოლმა აკურთხა ისინი, უკანასკნელად დაარიგა და ლოცვით უფალს სული შეავედრა.


ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი 861 წელს აღესრულა. იგი ანდერძისამებრ, ხანძთის მონასტერში, ძმათა საფლავებს შორის დაკრძალეს.
| Print |