რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია 2 ნოემბერს, მამა გაბრიელს იხსენებს
2 ნოემბერი ღირსი მამა გაბრიელის ხსენების დღეა.

2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა ბერი გაბრიელის კანონიზირება მოახდინა, მას „ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი“ უწოდა და ხსენების დღედ გარდაცვალების დღე – 2 ნოემბერი (ძვ. 20 ოქტომბერი) განაჩინა.

ბავშობაში მას გოდერძი ერქვა და გვარად ურგებაძე იყო. თანატოლებთან თამაშის ნაცვლად, ქვებისაგან პატარა ეკლესიებს აშენებდა და შიგნით ასანთის ღერებს ანთებდა. ამბობენ, სკოლაში სწავლით არ გამოირჩეოდა, ოთხშაბათს და პარასკევს კი მუცელს იტკივებდა, რათა მარხვა შეენახა.

ქრისტეს სახელი პირველად შვიდი წლის ასაკში გაუგია. შემთხვევით მეზობლის კამათს შესწრებია. თურმე ერთს მეორესთვის უთქვამს: —ქრისტესავით ჯვარს მაცვიო. პატარა გოდერძის უკითხავს, ქრისტე ვინ იყოო? ეგ თუ გაინტერესებს, ეკლესიაში წადი და იქ გაიგებო… მერე ყველასაგან მალულად, 70 მანეთი შეუგროვებია და „ქრისტეს ისტორიის“ შესაძენად ნავთლუღის ბაზრობაზე წასულა.

ბევრი უვლია, მაგრამ წიგნი ვერსად უპოვნია. გულდაწყვეტილს შინ დაბრუნება განუზრახავს, რომ გზაზე თეთრწვერა მოხუცი გამოლაპარაკებია და მისგან სანატრელი წიგნიც აუღია. ბაზრობას რომ გამოსცდენია, წიგნისთვის დაუხედავს და მასზე „სახარება“ ამოუკითხავს.

უფიქრია, ეს ის წიგნი არ არისო, მაგრამ უკან დაბრუნებულს იქ, სადაც თეთრწვერა მოხუცი ეგულებოდა, ყველა ვაჭარი ერთსა და იმავეს უმეორებდა, რომ აქ დღეს მოხუცი კაცი საერთოდ არ მდგარაო. ეს ალბათ მის ცხოვრებაში მომხდარი პირველი სასწაული იყო…

წლების შემდეგ კი საკუთარ ეზოში ნამდვილი ეკლესია ააშენა. განიცადა დევნა, შევიწროება, მაგრამ ქრისტეს გზიდან არასოდეს გადაუხვევია. ის პირველი სასულიერო პირი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში, რომელიც ბერად აღიკვეცა, საეკლესიო სახელით — ბერი გაბრიელი.

სასწაული მის ცხოვრებაშიც მრავლად იყო და გარდაცვალების შემდეგაც. გოდერძი ურგებაძე ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველი სასულიერო პირი იყო, რომელიც საეკლესიო სახელით — ბერი გაბრიელი — ბერად აღიკვეცა. 2 ნოემბერს, წმინდა სინოდმა იგი წმინდანად შერაცხა.
| Print |