რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია 4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია 4 დეკემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლებს, წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას შვილი ორმოცდაათი წლის განმავლობაში არ ჰყავდათ. წმინდა ანამ უფალს აღუთქვა, თუ წყალობას მოიღებდა, შვილს მასვე შესწირავდა. ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მას ასული – მარიამი ეყოლებოდა, რომლისგანაც ქვეყნიერებას მაცხოვარი მოევლინებოდა.

სამი წლის განმავლობაში მარიამი სახლში იზრდებოდა, შემდეგ კი მშობლებმა იგი აღსაზრდელად იერუსალიმში ტაძარში მიიყვანეს.

ტაძრიდან მათ შესახვედრად მღვდელმთავარი ზაქარია გამოვიდა, მამა იოანე ნათლისმცემლისა. ყრმა მარიამმა, როგორც კი კიბეზე ფეხი შედგა, დაუხმარებლად აირბინა თხუთმეტივე საფეხური და მუხლებზე შემოეხვია ზაქარიას. მღვდელმთავარმა წმინდა ქალწული, წინააღმდეგ სჯულისა, წმინდა წმინდათაში შეიყვანა.

ამ დღეს განსაკუთრებით ზეიმობდნენ ძველი დროის ქრისტიანები. წმინდა ელენე დედოფალს ამ დღესასწაულის სახელობის ტაძარიც კი აუგია.
| Print |