რელიგია
13 დეკემბერს წმ.ანდრია მოციქულს იხსენებენ
13 დეკემბერს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ამ დღეს სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიაში წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი და დედათა მონასტერი ადიგენში, სოფელ მოხეში ფუნქციონირებს.

საქართველოსათვის ეს დღესასწაული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ანდრია მოციქული ითვლება საქართველოში ქრისტიანობის პირველ მქადაგებლად და გამავრცელებლად პირველ საუკუნეში.

წმინდა ანდრიას, რომელიც მეთევზე იყო, იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. სწორედ მან მიიყვანა უფალთან თავისი უფროსი ძმა — სიმონ პეტრე. ანდრია მოციქული იყო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების, მისი სიკვდილისა და აღდგომის მოწმე.

გადმოცემის თანახმად, სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ ანდრია მოციქული გაემართა ქრისტიანობის საქადაგებლად აღმოსავლეთის ქვეყნებში. მან მოიარა მცირე აზია, ფრაკია, მაკედონია, შავიზღვისპირეთი, ყირიმი. თავისი მისიონერული მსვლელობისას საქართველოში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი ჩამოაბრძანა.

ასევე გადმოცემით, სწორედ ანდრია პირველწოდებულმა ააგო პირველი ტაძარი საქართველოში, აკურთხა პირველი სასულიერო პირები — მღვდლები და დიაკვნები. საქართველოს მოქცევის შემდეგ მოციქულმა გზა განაგრძო.

იერუსალიმის მოქცევის შემდეგ ანდრია მოციქული სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ისევ საქართველოში დაბრუნდა და ქრისტიანობა იქადაგა ქართლსა და აფხაზეთში.

უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, პატრა (საბერძნეთი) იყო, წმიდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღვთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. რამდენიმე საუკუნის შემდეგ, კონსტანტინე დიდის ზეობისას წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით დაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმიდა მოციქულთა ტაძარში დააბრძანეს ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით.

პირველ საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობამ ფართო გავრცელება ვერ ჰპოვა, მაგრამ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას სწორედ ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელის სახელს უკავშირებენ.

ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ორჯერ აღნიშნავს: 13 დეკემბერს – მისი გარდაცვალების დღეს და 12 მაისს – მისი საქართველოში შემობრძანების დღეს.
| Print |