რელიგია
კათოლიკეები 25 დეკემბერს ქრისტეშობას ზეიმობენ
თათეშვილების ოჯახში დანარჩენი მესხი კათოლიკეების მსგავსად დიდი სამზადისია. ოჯახის ყველა წევრი საშობაო ლიტურგიისთვის ემზადება, თუმცა მანამდე საოჯახო ტრადიციის სრულყოფილი მომზადებისთვის ყველა დეტალია გასათვალისწინებელი.



კათოლიკეების საშობაო სუფრაზე მესხურ კერძებსაც შეხვდებით. მესხურ ქადა ტრადიციულად ერბოსგან კეთდება. ოჯახური ტრადიციის ნაწილია გამომშრალი ხორცი იგივე აპოხტი, რომელიც საშობაო სუფრაზე საპატიო ადგილს იკავებს. ამ დღეს ოჯახის წევრები ერთმანეთს საჩუქრებს უცვლიან. ოჯახური ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემა.

ქრისტეშობისთვის მზადებას კათოლიკე მრევლი ოთხი კვირით ადრე იწყებს, რასაც საშობაო მარხვას, იგივე ადვენტს უწოდებენ. მარხვის დროს, დილით, შვიდ საათზე წირვას ესწრებიან და მზის ამოსვლასაც ერთად ხვდებიან, ამით სიფხიზლესა და მზადყოფნას გამოხატავენ. შობის დღესასწაული ქრისტეს მეორედ მოსვლის გახსენებაა, ამიტომ წირვებს დილით ადრე იწყებენ.

,,მარხვის დასრულების შემდეგ, ღამის 12 სააათზე შობის სადღესასწაულო წირვა იმართება. მრევლს ქრისტეს შობა ეხარება, რათა იხსნას და გაანათოს ადამიანი, რომელიც ცოდვის გამო სიბნელეშია “ – აღნიშნავს მამა ზურა.

კათოლიკურ ტაძრებში საშობაო ლიტურგია 25 დეკემბერს, შუაღამით იწყება და დაახლოებით სამ საათს გრძელდება. მრევლი უფლის ხორციელად მოვლინებას ზეიმობს და ახალ წლამდე შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამბობენ, რომ შობის დღესასწაული მათთვის განსაკუთრებულია და შესაბამისადაც ემზადებიან.



,,შობა ყველაზე მნიშნელოვანი დღეა ქრისტიანულ სამყაროში. ეს ოჯახური დღესასწაულია. წირვაზე ყველანი მივდივართ და შობას მრევლთან ერთად ვხვდებით“ - ამბობს ელისო თათეშვილი.

25 დეკემბერი სიმბოლური რიცხვია, რომელიც მეოთხე საუკუნის დასაწყისში მთელმა ეკლესიამ აირჩია, რადგან უცნობია ქრისტე როდის იშვა. იესოს მიზანი სიბნელის განათება იყო. შესაბამისად, 25 დეკემბრიდან ღამე იკლებს და დღე იზრდება, ანუ სიბნელე სინათლით ნაცვლდება.

სადღესასწაულო წირვის შემდეგ, მრევლი სუფრასთან სხდება და გოზინაყით ერთმანეთს დამდეგს ულოცავს. კათოლიკეებისთვის გოზინაყი საშობაო ტკბილეულია, მიაჩნიათ, რომ ნაძვის ხეც შობისთვის უნდა ირთვებოდეს.

მესხი კათოლიკეებისთვის საშობაო და საახალწლო ტრადიციები ერთ-ერთი მთავარი რიტუალია, რომლის შესრულება ყველას ევალება.

,,ახალ წელზე მეტად შობას ვზეიმობთ. მამა ღმერთს იმდენად ვუყვარვართ, რომ თავისი შვილი ჩვენთან გამოგზავნა, რითაც ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარული გამოხატა“ - გვეუბნება მამა ზურა.

საუკუნეების განმავლობაში, ტრადიციები, თაობიდან თაობას, უცვლელი სახით გადაეცემოდა.

| Print |