რელიგია
25 დეკემბერს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 41 წელი გავიდა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ინტრონიზაციიდან მე-41 წელი შესრულდა.

25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. საზეიმო წირვა დღეს სვეტიცხოვეში აღევლინება.

ლიტურგიაზე დასასწრებად საქართველოში მღვდელმთავრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნდან ჩამოვიდნენ. წირვას საქრთველოს ხელისუფლების წევრებიც დაესწრებიან. გუშინ, ილია მეორის მონაწილეობით, საღამოს მსახურება სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა.

ილია II, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილ-ღუდუშაური 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შედეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

24 წლის ასაკში იგი ბერად აღკვეცეს. ბერს სახელად ილია უწოდეს. ამის შემდეგ ილია ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსად. აჭარაში შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ იგი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. შემდეგ აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაჰყო.

1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია.

1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II. ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 390-400 წლებში.

1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აღყვანილი: ღვთის განგებით, მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება.

ვიდეო: საქართველოს ეროვნული არქივი

| Print |