რელიგია
სომხური თემი ქრისტეშობასა და ნათლისღებას აღნიშნავს
ასია ისპირიანი ორ ოჯახზე გათვლილ ბლინებს ახვევს და ამბობს, რომ კარგი მეზობლების გარემოცვაში ახალი წლის შეხვედრას არაფერი სჯობს.

საახალწლო აჟიოტაჟს ბავშვების ხმაური აძლიერებს — პატარები მანჯალელუაზე კარდაკარ დადიან და საჩუქრებს ელოდებიან.

,,ჩვეულებრივ, ჩვენც ვამზადებთ ხოლმე საცივს, ქათამს, სალათებს. ზოგჯერ ახალი წლის ღამესაც მოდის სტუმარი, მაგრამ ძირითადად უფრო მეორე დღეს ვმასპინძლობთ ხოლმე. ნაძვის ხესაც ვრთავთ და ახალი სათამაშოების ყიდვასაც ვცდილობთ ყოველ წელს. ცხადია, საჩუქრების გარეშე არ გამოდის’’.



ტრადიციული სომხური სუფრა საქართველოში საცივისგან, ფხალეულისგან, ნიგვზიანი ბადრიჯნისგან, ხორციანი ბლინებისგან, ტოლმისგან, ლაბისგან („ხალადეცი“), მწნილეულისგან და ღორის ხორცის მწვადისგან შედგება. გოზინაყის გარდა საახალწლო სუფრაზე აუცილებელია ჩურჩხელაც. მიუხედავად იმისა, რომ სომხურ ოჯახებში სადღესასწაულო სუფრაზე აქვთ ქართული შოთის პური, არც სომხურ ტრადიციულ ლავაშს ივიწყებენ.

სომეხი მრევლისთვის ახალი წლის პირველი დღეები ნელ-ნელა შობის დღესასწაულში იზრდება. ხუთი იანვრიდან სომხურ ეკლესიებში საშობაო ღვთისმსახურება იწყება, რომელზეც ძირითადად სომეხი ახალგაზრდობა იყრის თავს. 6 იანვარს, სომხური სამოციქულო ეკლესია შობას და ნათლისღებას ზეიმობს. მხოლოდ სომხურმა ეკლესიამ შეინარჩუნა ქრისტეშობისა და ნათლისღების ერთ დღეს აღნიშვნის უძველესი ადათი.

6 იანვარს კი ასაკისა და სქესის განურჩევლად, ყველა ეკლესიაში მიდის ნაკურთხი წყლის მისაღებად.

ახალციხის სომხური სამოციქულო ეკლესიის ბერი ჰაკობ საჰაკიანის თქმით, ეკლესია ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთ დღეს იმიტომ აღნიშნავს, რომ ქრისტემ ქადაგება 30 წლის ასაკში, ნათლობის შემდეგ დაიწყო.


საშობაო მარხვა

შობისწინა კვირა — 30 დეკემბრიდან 5 იანვრის საღამომდე — სომხურ სამოციქულო ეკლესიაში მარხვის კვირად მიიჩნევა. ძველი წელთაღრიცხვით, სომხები ახალ წელს 1 ნავასარდს, ანუ 11 აგვისტოს აღნიშნავდნენ. ახალი წელთაღრიცხვის დამკვიდრების შემდეგ ახალი წელი 31 დეკემბერს დგებოდა. მარხვა 5 იანვარს, საღამოს, ეკლესიებში საშობაო ლიტურგიის აღვლენის შემდეგ მთავრდება. ადამიანები ერთმანეთს ესალმებიან სიტყვებით: „ქრისტე იშვა და გამოგვეცხადა! ნეტარ არს ქრისტეს გამოცხადება!“



დღესასწაულის წინა დღეს, სპეციალური ლიტურგია ლამპრებით აღევლინება. წირვის შემდეგ მორწმუნეებს სანთლები და ლამპრები სახლში მიაქვთ, ნიშნად ბეთლემის ვარსკვლავისა, რომელმაც მოგვებს გზა გაუნათა ახალდაბადებულ მაცხოვართან მისასვლელად.

6 იანვარს დილით საშობაო წირვა იწყება, რომელიც შემდეგ ნათლობის რიტუალით გრძელდება.

წყალკურთხევა

6 იანვარს, საშობაო ლიტურგიის შემდეგ, წყალკურთხევის რიტუალი ბიბლიით, ჯვრითა და მირონით ტარდება. ამის შემდეგ წყალს დამსწრეებს ურიგებენ. მომდევნო დღეს სომხური ეკლესია მიცვალებულთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს და მათი სულების სიმშვიდისათვის პანაშვიდს იხდის.

,,შობის დღესასწაულისთვის როგორც საცხოვრებელ სახლებს, ისე სამუშაო ადგილებს აკურთხებენ. უძველესი წესი სომხური თემისთვის 13 იანვრამდე გრძელდება" – განმარტავს ასია ბროიანი.



სომხები მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადეს, 30 დეკემბრიდან 5 იანვრამდე საახალწლო მარხვას იცავდნენ და სუფრასთან მხოლოდ 6 იანვარს, ქრისტეს შობაზე სხდებოდნენ. სუფრაზე კი მხოლოდ თევზი, ჩირისა და ქიშმიშის ფლავი, მწვანილი და ღვინო იდო.
| Print |