რელიგია
ახალციხეში წყლის განბანვის რიტუალი ჩატარდა
ნიკოლოზ ხიზაძე მეოცე წელია ნათლისღების დღესასწაულზე განბანვის რიტუალში მონაწილეობს. ვიდრე მრევლი გახდებოდა, გაყინულ მდინარეში დილის 6 საათზე შედიოდა, თუმცა მას მერე, რაც ტაძარში დადის, მდინარის კურთხევას ელოდება და მეგობრებთან ერთად დავიწყებული ცოდვებისგან განწმენდას ამ გზით ცდილობს.



ნიკოლოზთან ერთად, მდინარე ფოცხოვისა და მდინარე მტკვრის ნაპირებზე 400-მდე ადამიანი, დავიწყებული ცოდვებისგან განიწმინდა და განბანვის რიტუალში მონაწილეობა მინუს 7 გრადუსს ყინვაში მიიღო.



ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინა. წირვის დასრულებამდე ეკლესიებში წყალი იკურთხა და მრევლს დაურიგდა. წირვის შემდეგ ვალეში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა იობმა მდინარე ფოცხოვი აკურთხა. კურთხევის შემდეგ ნათლობისა და განბანვის რიტუალი შესრულდა.



მდინარის კურთხევის ტრადიცია, 22-ე წელია სამცხე-ჯავახეთში, უწყვეტად გრძელდება. 1997 წლის 19 იანვრის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთში ყველა მდინარე და ტბა იკურთხება. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ მდინარე მტკვარი ტრადიციულად სოფელ მინაძეში აკურთხა.



სამცხე-ჯავახეთში 19 იანვარს, წყალში შესვლის ტრადიცია 1997 წლიდან დაიწყო. გაყინული მდინარის კურთხევა ახალქალაქი-კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის ნიკოლოზ ფაჩუაშვილის სახელს უკავშირდება, მაშინ როცა სინოდის წევრი ახალციხის ეპარქიას ხელმძღვანელობდა.



19 იანვარს, მართლამდიდებლები ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავენ. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდა. წირვის დასრულებამდე ეკლესიებში წყალი იკურთხა და მრევლს დაურიგდა. ამის შემდეგ, სასულიერო პირებმა და მორწმუნეებმა მდინარის ნაპირთან გადაინაცვლეს, სადაც წყალკურთხევის რიტუალი შესრულდა და მრევლი წყალში განიბანა. ჩატარდება ნათლობაც. 
| Print |