რელიგია
27 იანვარს ნინოობა აღინიშნება
27 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქრისტიანულ ტაძრებში წირვა აღევლინება.

ისტორიული კვლევების მიხედვით, ქრისტიანობა საქართველოში პირველ საუკუნეში შემოვიდა, თუმცა დროთა განმავლობაში მრევლი შემცირდა და გაიზარდა კერპთაყვანისმცემელთა რიცხვი. სწორედ ამიტომ, მეოთხე საუკუნეში, წმინდა ნინო უფალმა საქართველოში მოავლინა, რისი შედეგიც არის ის, რომ 326 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.

წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა – ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. წმინდანი საქართველოში, დაახლოებით 323 წელს, ჯავახეთიდან შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.

წმინდა ნინოს ხსენებას მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ ზეიმობს: 1 ივნისს – მისი საქართველოში შემოსვლისა და 27 იანვარს – გარდაცვალების დღეს.

27 იანვარს ნინოობა აღინიშნება ქართულ კათოლიკურ ეკლესიებშიც. რამდენიმე წლის წინ მორწმუნეებმა იგი ქართველ კათოლიკეთა მფარველად აღიარეს.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ნინოობის დღესასწაული ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს მიულოცა. პანსიონატის აღსაზრდელებმა სტუმრებისთვის ღონისძიება გამართეს.



პანსიონატი 2004 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით დაარსდა. პანსიონატს ხელმძღვანელობს სხალთის მთავარეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი, სადაც 5-დან 16 წლამდე ასაკის აღსაზრდელები ცხოვრობენ.

ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა მეუფე სპირიდონმა ​ აღავლინა.



სტუმრებმა პატარებს ტანსაცმელი და საკვები პროდუქტი მიუტანეს.

| Print |