რელიგია
მართლმადიდებელი მრევლი, 3 თებერვალს წმ. მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს
წმ. მაქსიმე აღმსარებელი 580 წელს ქალაქ კონსტანტინოპოლში დაიბადა. მისი მშობლები – იოვანე და ანა ღმრთისმოყვარენი იყვნენ.

მათ მრავალმხრივი განათლება მიაღებინეს შვილს. ასწავლეს ფილოსოფია, გრამატიკა, რიტორიკა. წმიდანი საღვთისმეტყველო დიალექტიკასაც დაეუფლა.

სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარი მაქსიმე თავისი განსწავლულობისა და კეთილსინდისიერების წყალობით იმპერატორ ჰერაკლეს (611-641 წწ.) პირველი მდივანი გახდა, მაგრამ სამეფო კარის ცხოვრება ამძიმებდა მას. ამიტომ ქრისოპოლის (ბოსფორის მოპირდაპირე ნაპირზე) მიაშურა და ბერად აღიკვეცა. 633 წელს ერთი ღვთისმეტყველის, შემდეგში იერუსალიმელი პატრიარქის, სოფრონის თხოვნით მაქსიმემ დატოვა სავანე და ალექსანდრიაში გაემგზავრა.

647 წელს მაქსიმე აფრიკაში დაბრუნდა. 649 წლის ოქტომბერში შედგა კრება, რომელსაც 150 დასავლელი ეპისკოპოსი და მართლმადიდებლური აღმოსავლეთის 37 წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის – მაქსიმე აღმსარებელიც. კრებამ დაგმო მონოთელიტობა, მისი დამცველები, კონსტანტინოპოლელი პატრიარქები – სერგი, პავლე და პიროსი კი ანათემას გადასცა. როცა კონსტანსII კრების დადგენილებას გაეცნო, ბრძანა, შეეპყროთ პაპი მარტინე და ღირსი მაქსიმე.

ღირს მაქსიმეს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და საპყრობილეში ჩააგდეს. 656 წელს ის თრაკიაში გადაასახლეს, შემდეგ კი ისევ კონსტანტინოპოლში გადმოიყვანეს. ღირსი მამა საშინლად აწამეს თავის ორ მოწაფესთან ერთად: სამივეს ენა ამოაჭრეს, მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და დასავლეთ საქართველოში გადაასახლეს. აქ სასწაული აღესრულა: მოწამეებს ლაპარაკისა და წერის უნარი დაუბრუნდათ. წმიდა მაქსიმემ იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული და მშვიდობით მიიცვალა 662 წლის 13 აგვისტოს. მის საფლავზე ღამღამობით სამი ლამპარი ინთებოდა და მრავალი კურნება აღესრულებოდა. წმიდა მაქსიმე დასაფლავებულია ქ. ცაგერში.
| Print |