რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია დიდი მარხვისთვის ემზადება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხორციელის კვირას ასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი მარხვისთვის მზადება იწყება.

ორშაბათიდან ყველიერის კვირა იწყება. ყველიერის კვირის ოთხშაბათსა და პარასკევს მორწმუნენი კითხულობენ ეფრემ ასურის ლოცვას: "უფალო და მეუფეო". ყველიერის კვირიაკეს, იმავე "მიტევების დღეს", დილით, წირვაზე, ბიბლიის საკითხავები შეგვახსენებს ადამის სამოთხიდან განდევნის ისტორიას და იმ მიზეზებს, რომელთა გამოც იგი სამოთხიდან გამოაძევეს. შეგვახსენებს იმასაც, რომ კაცობრიობას მუდმივი ღვაწლი სჭირდება, რათა ხელახლა მოიპოვოს დაკარგული სამოთხე. ამის შემდეგ, მწუხრის ლოცვაზე, საზეიმო სამოსელს შავი სამოსით ცვლიან, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ იწყება ორმოცდღიანი მარხვა.

ლოცვის დასასრულს სასულიერო პირნი და მღვდელმთავრები მრევლისგან შენდობას გამოითხოვენ იმ ნებსითი თუ უნებლიე ცოდვების გამო, მათ მოღვაწეობას რომ ახლდა თან, მრევლი კი, თავის მხრივ, სასულიერო პირებისგან ითხოვს შენდობას. ამ დღეს ყოველი ქრისტიანი ვალდებულია, ყველას მიუტევოს, განსაკუთრებით კი მათ, ვისგანაც რაიმე წყენა ახსოვს. ეს ტრადიცია ადამიანთა შორის სიყვარულისა და ბედნიერების დამკვიდრებას ემსახურება - მიტევების უნარი ხომ უდიდესი სათნოებაა ამქვეყნად.

ურთიერთმიტევების შემდეგ ქრისტიანები შეუდგებიან მარხვას, რომელიც ჩვენს სულიერ და ფიზიკურ შესაძლებლობებს უნდა შეესაბამებოდეს. 

როგორც წესი, ყველიერის კვირა მოძრავია. ეს არის მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისთვის. ხსნილია რძის ნაწარმით, კვერცხითა და თევზით ოთხშაბათისა და პარასკევის ჩათვლით და იკრძალება ხორცის მიღება.
| Print |