რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია წმ.თეოდორე ტირონს იხსენებს
მართლმადიდებელი ეკლესია, დღეს 16 მარტს, დიდმარხვის პირველ შაბათს, წმინდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება ჩატარდება. აღესრულება დიდმოწამე თეოდორე ტირონის სავედრებელი კანონი და წანდილის კურთხევა.

წმ. მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძემ ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს დიმიტრი კაპანაძესთან და ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად სადღესასწაულო წირვა აღავლინა, წირვის ბოლოს კი ტრადიციულად ხორბალი იკურთხა. ეს ერთადერთი დღეა წლის განმავლობაში, როცა მორწმუნეები ხორბალს ცოცხალთა მოსახსენებლად ამზადებენ.




წმინდა თეოდორე ტირონი მე-4 საუკუნის დასაწყისში ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულა.

წმინდანის მიცვალებიდან 50 წლის შემდეგ მეფემ იულიანე განდგომილმა გადაწყვიტა, ფარულად შეებილწა ქრისტიანები. მან კონსტანტინეპოლის გამგებელს უბრძანა, დიდმარხვის პირველი კვირიაკის ყოველ დღეს ბაზარში გასაყიდი სანოვაგისთვის ნაკერპავი სისხლი ესხურებინა. წმიდა თეოდორე ტირონი გამოეცხადა მთავარეპისკოპოსს და გააფრთხილა, არ ეყიდათ ბაზარში სანოვაგე და ეჭამათ მხოლოდ კოლიო - თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი.

ამ მოვლენის აღსანიშნავად ეკლესია ყოველწლიურად დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათს წმიდა თეოდორეს ხსენებას დღესასწაულობს და მის პატივსაცემად მორწმუნეთათვის კოლიოს აკურთხებს.
| Print |