რელიგია
„ჩვენი რუსი ძმების ოცნებაა, გახდნენ მართლმადიდებლობის მეთაურები, მაგრამ ეს არასდროს მოხდება“ - პატრიარქი ბართლომე
„მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდა რუსეთის მცდელობები, ერთპიროვნულად უხელმძღვანელოს მართლმადიდებლობს, თუმცა ნამდვილ განხეთქილებაზე საუბარი ჯერ არ არის“, - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა უკრაინელ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ეს კონფლიქტი რუსეთმა 2016 წელს დაიწყო, როდესაც მოსკოვის ეკლესია და მისი გავლენით 3 ეკლესია არ ჩავიდა კრეტის წმინდა და დიდ კრებაზე.

„ჩვენ ყველა ერთად ვამზადებდით ამ კრებას. 2016 წლის იანვარს ჟენევაში ჩვენ გვქონდა მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებთან შეხვედრა. ყველა ეკლესია, მათ შორის, რუსეთიც, ემზადებოდა კრებისთვის. ბოლო მომენტში რუსები და კიდევ სამი ეკლესიის დელეგატები არ ჩამოვიდნენ“, - განმარტა პატრიარქმა.

პატრიარქმა ასევე ბრძანა, რომ რუსეთმა უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭება მათი კრეტაზე ჩაუსვლელობის გამო შურისძიებად აღიქვა.

„ჩვენი რუსი ძმების ოცნებაა, გახდნენ მართლმადიდებლობის მეთაურები, მაგრამ ეს არასდროს მოხდება, რადგან საუკუნეთა განმავლობაში მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებმა და ქმედებებმა პირველობა კონსტანტინოპოლს მიანიჭეს! ის მართლმადიდებელი ეკლესიების დიპტიხში ყოველთვის პირველი იქნება, ხოლო დობილი რუსეთის ეკლესია - მეხუთე!

ჩვენი რუსი ძმები ამბობენ, რომ მოხდა განხეთქილება. არ არსებობს განხეთქილება! და თუკი არსებობს, მისი შემოქმედები თავად არიან, როდესაც კავშირი გაწყვიტეს ოთხ ეკლესიასთან.

უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი არ წამოჭრილი 2 ან 3 წლის წინ. წარსულშიც უკრაინელები არაერთხელ შეეცადნენ, მიეღოთ თავიანთი ეკლესია; ჰქონოდათ თვითგამორკვევის უფლება. დადგა ისტორიული მომენტი - კონსტანტინოპოლის დედაეკლესიამ ხორცი შეასხა დიდი ხნის ოცნებას“
, - დასძინა მსოფლიო პატრიარქმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
| Print |