რელიგია
ვინცა შემიც(ა)ლოს კრ(უ)ლმცა არს ღმრთისა პირთა - წარწერა ურავლის აგარების ტაძარზე
ურავლის აგარის სამონასტრო კომპლექსი ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ურავლის ხეობაში მდებარეობს. მონასტერში თავისი მდებარეობითა და სიდიდით გამოირჩევა დიდი ერთნავიანი ეკლესია. მონასტრის სხვა ნაგებობები ამ ეკლესიის გარშემოა თავმოყრილი. მთავარი ტაძრის დასავლეთით სხვადასხვა დროს ნაგები სამეკლესიანი ბაზილიკა მდებარეობს. სამეურნეო ნაგებობები, მთავარი ტაძრის სამხრეთით და დასავლეთით, ძლიერ არის დაზიანებული. გაწმენდის გარეშე შეუძლებელია მათი გეგმის წავითხვა და ფუნქციის გარკვევა (აქ 7 თუ 8 ასეთი ნაგებობა იქნება). სამხრეთით, მონასტრის ხევის მიდამოებში კლდეში, საკმაოდ მაღლა ორ იარუსად გამოკვეთილი სენაკებია. 

საფიქრებელია, რომ აქ მონასტრის დაარსებას, X საუკუნის შუა წლებში, დიდი ტაძრის აგება დასჭირდა. მონასტერში ამ დროიდან XV საუკუნემდე სამშენებლო საქმიანობა არ შეწყვეტილა.
ურავლის ხეობა გამორჩეულია არა მარტო მესხეთში, არამედ მთელ საქართველოში. ის ბუნებრივი რესურსების გარდა, მდიდარია ხუროთმოძღვრული ძეგლებით. აქ უამრავი ნასოფლარი და ნაეკლესიარია. ხეობის მთავარ სასულიერო ცენტრს აგარის მონასტერი წარმოადგენს. კომპლექსში შედის სხვადასხვა ქრონოლოგიურ პერიოდში აგებული განსხვავებული დანიშნულების ნაგებობები, მათი სიმრავლე იმაზე მეტყველებს, რომ აქ მნიშვნელოვანი სამონასტრო ცენტრი იყო.

სატრაპეზოს შესასვლელი კარის ზემოთ მაღალ სარკმელს ლილვებით შემოზღუდული სადა საპირე შემოუყვება, სარკმლის გარშემო არის სიმეტრიულად განლაგებული სამი ბურთულა. სატრაპეზოს შესასვლელის ტიმპანზე ათსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი:

ქს(ა)ხ(ე)ლ(ი)თა ღ(მრთისა)თა და მ(ეო)ხ(ე)ბ(ი)თა წ(მიდ)ისა ი(ოვა)ნე ნ(ა)თ(ლი)სმცემლ(ი)ს(ა)თა ე(რისთავთ) (რისთავ)თა ბეშქენ და მ(უ)რვ(ა)ნის მლოცველმ(ა)ნ მე ეფრემ ჰელვყ(ა)ვ შენებ(ა)დ ტრ(ა)პ(ე)ზსა ამ(ა)ს და გამიკვეთეს აღაპი ს(აუ)კ(უ)ნ(ო) ს(ამე)ბობ(ა) და ვინცა შემიც(ა)ლოს კრ(უ)ლმცა არს ღ(მრთისა პირთა.

წარწერაში ნახსენები ერისთავთ-ერისთავი ბეშქეინ და მურვანი ჯაყელების წარმომადგენლები იყვნენ და XI-XII საუკუნეთა მიჯნაზე მოღვაწეობდნენ.

შესაბამისად, სატრაპეზოც ამავე პერიოდში აიგო, თუმცა ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ უფრო გვიან XIII-XIV საუკუნეებში მნიშვნელოვნად შეაკეთეს. გრძივ კედლებზე, იქ სადაც პილასტრებია ამოვარდნილი, თავდაპირველი წყობა მთლიანად გადარჩა და როგროც ეტყობა თაღედი შემდეგაა მასზე „მიდგმული“.

გადაწყობა ფასადზეც შეიმჩნევა, ჩრდილო-აღმოსავლეთის ფასადზე სარკმელი და ფრონტონის არეში სამი ბურთულა ამ გადაწყობის დროინდელია. აგარის მონასტრის სამრეკლო დღეისათვის შემორჩენილი ყველაზე ძველი აფსიდიანი სამრეკლოა, ხოლო სამრეკლოთა შორის ერთადერთია, რომელსაც შვერილი აფსიდი აქვს.
აგარა მრავალმხრივ საინტერესო სამონასტრო კომპლექსია. X საუკუნის მთავარი ტაძარი ყველაზე დიდი ერთნავიანი ბაზილიკაა საქართველოში, სამეკლესიან ბაზილიკაში ჩართული სამლოცველო, ყველაზე ძველია ისტორიულ სამცხეში, საქართველოში ერთ-ერთი უდიდესია სატრაპეზო, თავისი ტიპის ნაგებობებში. რაც შეეხება, უანალოგო, უსარკმელო ეკლესიას, მისი ფუნქციის ბოლომდე გამორკვევა საინტერესო იქნება ქართული ხუროთმოძღვრებისთვის.

წლების განმავლობაში ეს უნიკალური მონასტერი უყურადღებოდ იყო მიტოვებული, თუმცა 2015 წლიდან დაიწყო მონასტრის აღდგენა. დღეს აქ მოქმედებს მამათა მონასტერი.
| Print |