რელიგია
საქართველო სეკულარული სახელმწიფოა - ლევან იოსელიანი
სამცხე-ჯავახეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს სახალხო დამცველი რელიგიურ ლიდერებს შეხვდა. ლევან იოსელიანმა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილთან რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, მართმადიდებლური ეკლესიის როლსა და ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მდგომარეობის საკითხები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველმა ახალქალაქის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი დაათვალიერა.
სახალხო დამცველი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მცხოვრებ მუსლიმებსაც შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებული მეჩეთებისა და სხვა საკულტო ნაგებობებისთვის ისტორიული ძეგლის სტატუსის მინიჭების, მათი რეგისტრაციისა და რესტავრაციის საკითხებზე. აღინიშნა, რომ სამცხე-ჯავახეთში ჯამში 100 მეჩეთი დგას. განხილვის თემა იყო ასევე, რელიგიური კონფესიების ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსების, დღესასწაულების აღნიშვნისა და ახალგაზრდა თაობის წინაშე მდგარი ხარისხიანი განათლების მიღების გამოწვევები.
მეუფე ნიკოლოზთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველი სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, სამცხე-ჯავახეთის და წალკის ვიკარიატის წინამძღვარს არქიმანდრიტ ნშან ჰმაიაკიანს შეხვდა. შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა რელიგიური უმცირესობების უფლებების მიმართულებით სახალხო დამცველის მანდატსა და საქმიანობაზე ისაუბრა; ასევე, ხაზი გაუსვა, რომ აპარატის პრიორიტეტი რელიგიური კონფესიებისთვის თანასწორი გარემოს შექმნაა.
სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო, საუკუნეობრივი ტოლერანტული გამოცდილებითა და წარსულით. ასევე, აღნიშნა რომ მისი აპარატის ერთ-ერთ პრიორიტეტს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე მუშაობა წარმოადგენს.

| Print |