რელიგია
რა საკითხებზე იმსჯელეს სინოდის დღევანდელ სხდომაზე?
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს მიმდინარე საკითხები, რაც საეკლესიო თემებს ეხება.

როგორც მან ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდგომ განუცხადა, არ გამართლდა ვარაუდი იმის შესახებ, „თითქოს სინოდის დღევანდელ სხდომაზე მძიმე საკითხები უნდა ყოფილიყო განხილული“.

„დაზუსტებით, უკვე, როდესაც გამოქვეყნდება სინოდის განჩინება, იქ ვნახავთ განხილულ საკითხებს. ზოგადად გეტყვით, რა საკითხები იყო. არცერთი ის განცხადება, რაც აქამდე გაკეთდა, რომ თითქოს მძიმე საკითხები უნდა ყოფილიყო გამოტანილი, არ გამართლდა მორიგ ჯერზე. ამიტომ, დავიმახსოვროთ ეს ყველამ და მოსახლეობას შეცდომაში ნუ შევიყვანთ. მიმოხილული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ტაძრების მდგომარეობა, იმ ეპარქიების მდგომარეობა, სადაც ოკუპაციის ხაზი გადის. ასევე მიმოხილული იყო სიტუაცია იმ ეპარქიებში, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებშია განთავსებული, ასევე ზოგადად იყო პოლიტიკური საომარი ვითარება განხილული, რაც ჩვენი რეგიონის ახლომახლო და სამეზობლოდ ხდება. მიმდინარე საკითხები, იყო რაც საეკლესიო თემებს ეხება“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

გარდა ამისა, მეუფე ზოსიმეს განცხადებით, სინოდის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში პატრიარქის გადადგომის საკითხი არ დამდგარა.
| Print |