რელიგია
"ნათლია უნდა იყოს ერთი, დასაშვებია ორიც" - სინოდის განჩინება
ნათლია უნდა იყოს ერთი, დასაშვებია ორიც, სამამდე გაზრდა ნებადართულია პატრიარქის ნათლიად დადგომის შემთხვევაში, – ამის შესახებ წმინდა სინოდის სხდომის განჩინებაშია ნათქვამი.

„ეკლესიის კანონიკური წესის მიხედვით, მიმრქმელი (ნათლია) უნდა იყოს ერთი; ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია, იყოს ორიც (მამაკაცი და ქალი; ასევე კანონიკური ტრადიციითვე, ზრდასრული ადამიანის ნათლობისას ნათლია უნდა იყოს იმავე სქესის). საქართველოში გამონაკლისის სახით ნათლიების რიცხვის სამამდე გაზრდა ნებადართულია მიმრქმელად (ნათლიად) კათოლიკოს-პატრიარქის დადგომის შემთხვევაში“
, – ნათქვამია განჩინებაში.

სინოდის განჩინების მიხედვით, ეს საკითხი სინოდის სხდომაზე მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა დააყენა.

„მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ისაუბრა ნათლობის მსახურების აღსრულებისას ჩვენს ეკლესიაში ბოლო დროს გავრცელებულ არასწორ პრაქტიკაზე – მიმრქმელთა (ნათლიების) გადაჭარბებულ რაოდენობაზე“, – ნათქვამია განჩინების ტექსტში.

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გუშინ, 2 ნოემბერს გაიმართა. საპატრიარქომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის განჩინება დღეს გამოაქვეყნა
.
| Print |