რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია შობის მარხვისთვის ემზადება
28 ნოემბრიდან საშობაო მარხვა იწყება. იგი ორმოცი დღის განმავლობაში გრძელდება და 7 იანვარს, ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულით სრულდება.

საშობაო მარხვის ტრადიცია უძველესი დროიდან მომდინარეობს. ეკლესიის ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ IV საუკუნიდან მოეპოვება. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ცნობას ვხვდებით XIV საუკუნემდე, უფრო ზუსტად სვიმეონ თესალონიკელამდე.

საინტერესო ცნობებია დაცული X საუკუნის საეკლესიო კრების ოქმებში, რომელიც იმპერატორ კონსტანტინესა და რომანოზ უფროსად წოდებულის დროს იქნა მოწვეული. ცნობებს ვხვდებით ნიკიფორე პატრიარქის კანონებში, საბა განწმენდილისა და ლეონ რომის პაპის ნაწერებში, 570 წლის ტურის II კრების ოქმებში, ნეტარ ავგუსტინესთან.

შობის მარხვა აღდგომის დიდმარხვასთან შედარებით მსუბუქია. ამ მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე, როგორც წესი, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, თვით ბერ-მონაზვნებისთვისაც კი დაშვებულია თევზის, ზეთისა და ღვინის ზომიერად მიღება.


შობის სადღესასწაულო ლოცვა


ტროპარი: შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა.

კონდაკი: ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარკულავისა-თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი.
| Print |