მიმდინარეობს ვითარების შესწავლა - სახალხო დამცველი
სახალხო დამცველისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა, - აღნიშნულის შესახებ სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, რითაც ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს 8 მარტს, ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას და განვითარებულ მოვლენებს.
"სახალხო დამცველისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა. სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისის თანამშრომელს კომუნიკაცია ჰქონდა დაპირისპირებაში ჩართულ პირებთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვითარების შესწავლა და ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, რის შემდეგაც, მანდატის ფარგლებში, მოხდება შესაბამისი რეაგირება", - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
დაბა ადიგენში, კერძო პირის მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებლები 8 მარტს შეიკრიბნენ. მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლი მიქელაძისგან პირობის შესრულებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, ხუთშაბათს, 7 მარტს, ადიგენის ორივე რელიგიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ სახლს, რომელიც კერძო პირს ეკუთვნოდა ,,მეჩეთად არ გადააქცევდნენ“ და მუსლიმური ტრადიციის თანახმად ყოველ პარასკევს ლოცვას არ ჩაატარებდნენ.
შეთანხმების მიუხედავად, მართლმადიდებლებმა მერაბ მიქელაძისგან პირობა მიიღეს, თუმცა პარასკევს ლოცვა მაინც ჩატარდა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მიქელაძის სახლთან ხალხის შეკრება, რომელსაც მოგვიანებით ადიგენის მერმა მიმართა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
აღნშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს „საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ“ და სოციალური სამართლიანობის ცენტრმაც.