რელიგია
დღეიდან მუსლიმების წმინდა თვე - რამადანი დაიწყო
დღეიდან მუსლიმური სამყაროსთვის წმინდა თვე - რამადანი დაიწყო. რამადანის განმავლობაში ყველა მორწმუნე მუსლიმი მარხულობს, რაც ისლამის ხუთიდან ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს.

რამადანი ისლამური კალენდრის მეცხრე თვეა. მორწმუნეებს სჯერათ, რომ 1400 წელზე უფრო ადრე, ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა წინასწარმეტყველ მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მიმადლა.

რამადანის განმავლობაში, განთიადიდან მზის ჩასვლამდე, მუსლიმები სულის განწმენდის მიზნით უარს ამბობენ საკვებისა და სასმელის მიღებაზე, მოწევასა და ინტიმურ კავშირზე. როგორც წესი, ამ პერიოდის განმავლობაში საომარი მოქმედებები და დაპირისპირებები უნდა შეწყდეს.

მარხვა ყველა მუსლიმს სულისა და გონების მობილიზაციას ავალდებულებს. მისი მიზანია, რომ მორწმუნეები უფრო დაუახლოვდნენ ღმერთს და გაიხსენონ იმ ადამიანების შესახებ, ვინც განსაცდელშია. „რამადან მუბარაქ“ - მრავალ ქვეყანაში ასე ესალმებიან ერთმანეთს მუსლიმები რამადანის თვეში.

რამადანის დროს მოხუცები, ავადმყოფები, მოგზაურობაში მყოფი ადამიანები და ორსული ქალები ნებადართული არიან მარხვა დაარღვიონ, თუმცა ის წელიწადის სხვა დროს უნდა დაიცვან.

ამ თვეში მუსლიმები ფითრას და ზექათს ანუ შემოწირულობებს იღებენ. „ყადირის ღამე“, რომელიც ყურანში ათას თვეზე საუკეთესოდ არის მოხსენიებული, სწორედ რომ რამადანის თვეშია.

რამადანის ხანგრძლივობა მთვარის კალენდარზეა დამოკიდებული და 29-30 დღე გრძელდება. 

მარხვა მთავრდება დღესასწაულით, რომელსაც იდ ალ-ფიტრი ჰქვია. დღესასწაული რამადანის ბოლო დღეს იწყება და სამი დღე გრძელდება.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 10,7 % მუსლიმია, რაც დაახლოებით 400 000 ადამიანია.
| Print |