რელიგია
ქრისტიანი და მუსლიმი თემის დაპირისპირების გამო გუბერნიაში შეხვედრა 5 საათს გაგრძელდა
რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირების შემდეგ მხარეები ერთმანეთს დღეს პირველად შეხვდნენ. შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლებისა და მუსლიმი თემის წარმომადგენლების შეხვედრა 16:00 სთ-ზე დაიწყო და ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. შეხვედრას არ ესწრებოდა მართლმადიდებელი მხარე.

შეხვედრიდან გამოსულმა მუსლიმმა თემმა და ადიგენის მერმა მედიასთან განაცხადეს, რომ მწვავე დისკუსიის შემდეგ შეთანხმება შედგა.

,,ყველაფერი ნაყოფიერად იყო, ხელისუფლებამ მოგვცა ერთკვირიანი დრო, რა დროსაც დაალაგებენ ყველა იმ სიტუაციას, რომელიც სიმწვავეს იწვევს. მინდა ასევე მივმართო მხარეებს, რომ ყველამ შევიკავოთ თავი მშვიდობისთვის და თავისუფლებისთვის“ - აღნიშნა თეოლოგმა მერაბ მიქელაძემ, ვის სახლში ლოცვის გამო დაიწყო კონფლიქტი მხარეებს შორის. 

შეხვედრას ნაყოფიერს უწოდებს ადიგენის მერი. გოჩა ქიმაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე უნდობლობას ,,ფრთა ჩამოტეხეს". 

,,ხანგრძლივი კონსულტაციის შემდეგ დაგვთანხმდნენ და გადაწყვიტეს, რომ მათ ჩავურიცხავთ და შემდეგ ისინი შეუძენენ სახლს. სოფელ იჯარეთზეა საუბარი, სადაც მათ უკვე შერჩეული აქვთ სახლი. შევთანხმდით, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში, მრევლს ვთხოვთ და მოვუწოდებთ, თუ ეს მათთვის უხერხული მომენტი არ იქნება, რომ თავი აარიდონ მასიურად იქ მისვლას. ეს ხომ სახლია და საკულტო ნაგებობა ხომ არ შეიძლება რომ იყოს? ამაზე იყო პრობლემა, თორემ ლოცვით არავინ არ უშლით. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენ შორის უნდობლობაა, დღეს ამ უნდობლობას ფრთა ჩამოვტეხეთ. და როცა ორივე მხარე ყველა პირობას შეასრულებს, მერე ყველაფერი ადვილია“ - აღნიშნა ადიგენის მერმა გოჩა ქიმაძემ.

პარლამენტის წევრმა და მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებაზე ისაუბრა. ტარიელ ნაკაიძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს არც ერთ მხარეს ,,არ უნდა დარჩეს განცდა, რომ ის დაჩაგრეს". 

,,ქვეყანაში გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც თავისუფლად გვაძლევს საშუალებას, რომ ნებისმიერ ადგილზე შევასრულოთ ლოცვა. ეს არ არის აკრძალული. ჩვენი დღევანდელი დათმობის ერთგვარი ნაწილიც ეს იყო, რათა ჩვენ შევძლოთ ადამიანებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბება. მინდა მოვუწოდო ორივე მხარის მრევლს, რომ ამ პარასკევს თავი შეიკავონ ამ ტერიტორიაზე მისვლისგან, ლოცვა შესრულდება, რადგან ლოცვის პრობლემა არ არის" - განმარტა ტარიელ ნაკაიძემ. 

დაბა ადიგენში, კერძო პირის მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებლები 8 მარტს შეიკრიბნენ. მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლი მიქელაძისგან პირობის შესრულებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, ხუთშაბათს, 7 მარტს, ადიგენის ორივე რელიგიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ სახლს, რომელიც კერძო პირს ეკუთვნოდა ,,მეჩეთად არ გადააქცევდნენ“ და მუსლიმური ტრადიციის თანახმად ყოველ პარასკევს ლოცვას არ ჩაატარებდნენ.

შეთანხმების მიუხედავად, მართლმადიდებლებმა მერაბ მიქელაძისგან პირობა მიიღეს, თუმცა პარასკევს ლოცვა მაინც ჩატარდა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მიქელაძის სახლთან ხალხის შეკრება, რომელსაც მოგვიანებით ადიგენის მერმა მიმართა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
| Print |