რელიგია
პარასკევის ლოცვა აღარ ჩატარდება - სამცხე-ჯავახეთის მუფთი
სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე და ადიგენში, წერეთლის ქ.#18-ში მცხოვრების მერაბ მიქელაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებენ. ორივე მათგანი მუსლიმ მრევლს ბაირამობას ულოცავს და აღნიშნავს, რომ პარასკევის ლოცვა ადიგენში, მეჩეთადქცეულ სახლში აღარ გაიმართება.

,,აღნიშნული მოვლენებიდან გამომდინარე, ჭელაში შემდგარ შეხვედრაზე, მუსლიმ თემთან ერთად ცხარე დისკუსიის შემდეგ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ შეჩერდეს პარასკევის ლოცვა, ბაირამის ლოცვა და გადავიდეს მოლაპარაკების ფორმატში ყველაფერი, ცივილიზებულ ფორმატში" - აღნიშნავს სამცხე-ჯავახეთის მუფთი მერაბ ვაშაყმაძე.

გავრცელებული ვიდეომიმართვით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება მუსლიმმა თემმა, სოფელ ჭელაში გამართულ შეხვედრაზე ცხარე დისკუსიის შედეგად მიიღო.

,,ჩვენ ადიგენში, აღნიშნული პრობლემებისა და მიზეზების გამო, შევაჩერეთ პარასკევის ლოცვა, ბაირამის ლოცვა, დანარჩენი ყველაფერი მიდის მოლაპარაკებების ტემპით და იმ გზით" - აღნიშნავს მერაბ მიქელაძე.

ამ განცხადების გავრცელებამდე ერთი დღით ადრე, ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მართლმადიდებლები პარასკევს, ადიგენში წასვლას გეგმავდნენ.
მართლმადიდებელთა ნაწილი, სასულიერო პირებთან ერთად, 5 აპრილს, კიდევ ერთხელ შეიკრიბა ადიგენში, წერეთლის ქუჩაზე იმ სახლთან, სადაც მუსლიმი თემი ლოცულობდა.

მუსლიმ თემს რელიგიის სააგენტო ამ სახლის დათმობის სანაცვლოდ 50 ათას ლარამდე თანხას სთავაზობს ადიგენიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ იჯარეთში მეჩეთის ასაშენებლად ან შენობის შესაძენად. მერაბ მიქელაძე კი ამბობს, რომ მეჩეთის აშენების შემთხვევაში ის მუსლიმთა მუფთს გადაეცემა, მისი საკუთრება აღარ იქნება და ვერ ხვდება, რატომ უნდა დათმოს კუთვნილი ქონება.
დაბა ადიგენში, კერძო პირის მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებლები 8 მარტსაც შეიკრიბნენ. მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლი მიქელაძისგან პირობის შესრულებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, ხუთშაბათს, 7 მარტს, ადიგენის ორივე რელიგიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ სახლს, რომელიც კერძო პირს ეკუთვნოდა ,,მეჩეთად არ გადააქცევდნენ“ და მუსლიმური ტრადიციის თანახმად ყოველ პარასკევს ლოცვას არ ჩაატარებდნენ.

შეთანხმების მიუხედავად, მართლმადიდებლებმა მერაბ მიქელაძისგან პირობა მიიღეს, თუმცა პარასკევს ლოცვა მაინც ჩატარდა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მიქელაძის სახლთან ხალხის შეკრება, რომელსაც მოგვიანებით ადიგენის მერმა მიმართა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ბოლო დროს მუსლიმ თემთან ორი შეხვედრა გაიმართა - ერთი მხარის გუბერნატორის ბესიკ ამირანაშვილის, ხოლო მეორე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის ხელმძღვანელობით.
| Print |