სამართალი
საპროტესტო აქცია #ნუ მომკლავ – თბილისში იმართება
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია

#ნუმომკლავ იმართება. აქცია დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით პატივის მიგებით დაიწყო. აქციის მინაწილეებს "სამართალდამცველთა ლიგის" წარმომადგენელმა ზვიად კუპრავამ მიმართა.

აქციის მონაწილეები პოკურატურისგან ითხოვენ პასუხებს კითხვებზე: რატომ განადგურდა დანაშაულის ადგილი - ფარდული, რატომ არ მიეცენ პასუხისგებაში მკვლელობების ორგანიზატორი და ის პირები, ვინც გაიპარა შემთხვევის ადგილიდან; რატომ არ მიეცა პასუხისგებაში მირზა სუბელიანი, რომელმაც დანაშაული დაფარა; თავიდანვე რატომ არ დაუსვეს ექსპერტიზას შეკითხვა, რამდენი დანი არის მოკლული სარალიძე და სხვ.

მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებულ აქციას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, საზოგადოების ცნობილი სახეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი უერთდებიან. პარლამენტის შენობასთან რჩებიან ძიუდოისტებიც, რომლებმაც დღეს, 17:00 საათზე გამართულ აქციაზე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ პლაკატები, წარწერით: "ერთად სართლიანობის სადარაჯოზე!", "შემდეგი შეიძლება მე ვიყო", "მომავალი საფრთხეშია", "#შეცვალე", "აღასრულე სამართალი", "არა სისხლინ გარჩევას" და სხვ.



აქციის „ნუ მოკლავ“ მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი მომიტინგეების რაოდენობა გაიზარდა, აქციის ორგანიზატორებმა საპატრულო პოლიციას სთხოვეს, მათთვის სივრცე დაეთმოთ, შემდეგ კი საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადაინაცვლეს. ამჟამად რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მიმოსვლა გზის ორივე მხარეს გაჩერებულია.

საპროტესტო აქცია უკვე ერთი საათია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის სამართლიან გამოძიებას ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ აქციაზე, რომლის ინიციატორი მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძეა, იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ჯგუფების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის „ქართული მარშიდან“, „თეთრი ხმაურის მოძრაობიდან“.
| Print |