სამართალი
ახალქალაქში შვილის ცემისთვის და იარაღის შენახვისთვის მოქალაქე დააკავეს

ახალქალაქში პოლიციამ ოჯახში ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის, რუსეთის მოქალაქე დააკავა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1969 წელს დაბადებული ს.ტ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამში დააკავეს.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივნისს საკუთარ შვილს - 2005 წელს დაბადებულ ა.ტ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც პოლიციამ იგი დაუყოვნებლივ დააკავა.

სამართალდამცველებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, საიდანაც ამოიღეს დიდი ოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: პისტოლეტი, სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 218 საბრძოლო ვაზნა, ხელყუმბარა, სანადირო თოფის კონდახი და ე.წ. ცევეო, ოპტიკური სამიზნე და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი.

გამოძიება ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-პრიმა მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე, თბილისში, სამეგრელოში, აჭარაში, იმერეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში სხვადასხვა სისტემისა და მოდელის 202 უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და 1877 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

 

| Print |