სამართალი
შსს: ოჯახური ძალადობის ფაქტები გაიზარდა
ოჯახური დანაშაულის შესახებ მომართვიანობა ბოლო 6 თვეში საგრძნობლად გაიზარდა - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, შინაგან საქმეთა

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 2018 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში ოჯახური დანაშაულის 2804 ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა - 1933 პირის მიმართ განხორციელდა, რაც წინა წლის მთლიან მონაცემს უტოლდება.

ოჯახური დანაშაულის ბრალდებით მიმდინარე წლის 6 თვეში დაკავებულია 1328 პირი.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, 2018 წლის 6 თვეში გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა (3292) 2017 წლის მონაცემს ორჯერ აღემატება.

,,მიმდინარე წლის ბოლომდე დაინერგება ელექტრონული სამაჯურები, რომლითაც მაღალი რისკის მატარებელი მოძალადეების ქცევის კონტროლი განხორციელდება. რაც შეეხება დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებს, 2018 წლის 6 თვეში დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, დაკავებული იქნა 50-ზე მეტი პირი, რაც მთელი 2017 წლის მთლიან მონაცემს აღემატება.

გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში განიხილება შემდეგი მიმართულებით:

� მკაცრდება სასჯელი ოჯახში ძალადობაზე;

� გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოება ხდება ცალკეული დანაშაულებისთვის;

� მკაცრდება სასჯელი ოჯახური დანაშაულის განმეორებით ჩადენისათვის;

� შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებულია პირდაპირ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ნაცვლად დღეს არსებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა" -
განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შსს–ს მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებითაც მიაწოდა ინფორმაცია. გამოძიება ადევნების ფაქტზე დაიწყო. ჩატარებულია 40-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება. გამოკითხული და დაკითხულია 21 პირი. გამოკითხვაზე უარის თქმის გამო, რამდენიმე მოწმე მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხა. მიუხედავად იმისა, რომ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე პირებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, დადგინდა მსხვერპლები, რომლებიც მედიაში ზვიად დევდარიანის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს ადასტურებენ.

,,გამოძიება გრძელდება, გამოსაკითხია რამდენიმე პირი, რომლებსაც თავად ზვიად დევდარიანი ასახელებს, რის შემდეგაც მიღებული იქნება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება" – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა..


| Print |