სამართალი
,,სმიტები მე არ მომიკლავს, ორი უცხო მამაკაცი ოჯახის ამოწყვეტით დამემუქრა" – ბრალდებული
ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი შემთხვევის შესახებ პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა სასამართლოს ინფორმაცია მცხეთის სასამართლოში

მიმდინარე პროცესზე მიაწოდა. მისი ინფორმაციით, მალხაზ კობაურმა რაიან მაიკლ სმიტის მკვლელობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სმიტმა იარაღის დაუდევრად გამოყენების გამო შენიშვნა მისცა.

„4 ივლისს, დაახლოებით 11:30 საათზე, რაიან მაიკლ სმიტმა მალხაზ კობაურს სთხოვა ეჩვენებინა ჩანჩქერი, ვინაიდან ის ოჯახთან ერთად ტურისტული მიზნით იყო ასული ხადას ხეობაში. კობაური დათანხმდა და გაყვა მათ. ერთ-ერთი შეჩერებისას რაიან მაიკლ სმიტმა მას იარაღის დაუდევრად მოხმარების გამო შენიშვნა მისცა, რაზეც მალხაზ კობაური განაწყენდა და მისი მოკვლა გადაწყვიტა.

კობაურმა სანადირო თოფი შემართა და 4 წლის შვილის თანდასწრებით, დამიზნებით ესროლა რაიან მაიკლ სმიტს ზურგის არეში, რის შემდეგაც ის დაეცა. კობაურმა განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, შემდეგ დამიზნებით ესროლა თავში რაიან მაიკლ სმიტს და მოკლა. ამავდროულად, ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, გადაწყვიტა ლორა სმიტის და მისი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაც.

მან თოფიდან ამოიღო გასროლილი მასრები და ჩაალაგა საბრძოლო ვაზნები. ლორა სმიტი გაიქცა თავის გადასარჩენად, რა დროსაც გადავარდა სიმაღლიდან და გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ მალხაზ კობაურმა თოფით თავის არეში ესროლა მცირეწლოვან ბავშვს, რის შემდეგაც ის ადგილზევე გარდაიცვალა.

ამის შემდეგ კობაურმა გასროლილი მასრები მდინარეში გადაყარა. შემდეგ რაიან მაიკლ სმიტის ცხედარი გადააგდო მდინარეში და შემდეგ მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი სხვა ნივთებთან ერთად გადააგდო თოვლის ზვავის შედეგად ბუნებრივად წარმოშობილ ქვაბულში. ამის შემდეგ მალხაზ კობაურმა დატოვა შემთხვევის ადგილი და დანაშაულის იარაღი - თოფი გადამალა დუშეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში“,
- განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

რაიან და ლორა სმიტები მარნეულში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს. ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, 19 წლის მალხაზ კობაურის განცხადებით, სმიტების ოჯახის წევრები მას არ მოუკლავს. როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, ადგილზე ორი უცხოელი მამაკაცი იყო.

„ისინი მე არ დამიხოცავს. ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს. მე დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ“, - განაცხადა კობაურმა.

მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური წარმოშობით ახალგორის რაიონიდან არის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მისი ოჯახი მცხეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. მალხაზ კობაურს ბრალი ოფიციალურად 10 ივლისს წარედგინა.

მალხაზ კობაურს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
| Print |