სამართალი
ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე გია ბერაია გახდა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი, მოსამართლე გია ბერაიამ დაიკავა.

იგი უფლებამოსილების შესრულებას სამი ივლისიდან შეუდგა.


გია ბერაია 2016 წლის თებერვლიდან, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლეა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, როცა ყოფილი თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გახდა.

გია ბერაიას დანიშვნამდე, თავმჯდომარის მოვალეობას მოსამართლე გიორგი ლონდარიძე ასრულებდა.


გია ბერაია 1970 წლის 3 ივლისს დაიბადა.

1987 წელს დაამთავრა ჩოხატაურის რაიონის სოფელ საჭამიასერის საშუალო სკოლა.

1988-1990 წლებში მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში.

1997 წელს დაამთავრა ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2000-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვანის შს რაიგანყოფილებაში. მინიჭებული აქვს პოლიციის ლეიტენანტის წოდება.

2004-2005 წლებში მუშაობდა ადვოკატად, იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

2005 წლის 28 ნოემბრიდან 2006 წლის 20 თებერვლამდე მუშაობდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქუთაისის მე-8 დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის უფროს ინსპექტორად.

2006-2009 წლებში იყო ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინებით მუშაობდა ბორჯომის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ, 2008 წლიდან კი ამავე სასამართლოს თავმჯდომარედ.

2009 წლიდან არის ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

2011-2012 წლებში კითხულობდა ლექციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
| Print |