სამართალი
ვალეს საბაჟოზე კონტრაბანდული ოქრო აღმოაჩინეს

საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ოთხი ფაქტი გამოავლინდა.



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებული, საბაჟო გამშვები პუნქტის „ვალეს“ გავლით, მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდა.

ხოლო სამ შემთხვევაში, დანაშაულში მხილებული პირები, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ჯამში 11,2 კგ ოქროს ნაკეთობები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 670 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.


ინფორმაციას და ვიდეომასალას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

 


| Print |