სამართალი
ახალციხეში ქურდობის ფაქტები იმატებს
ბოლო პერიოდში, ახალციხეში, ქურდობის ფაქტების გაზრდილი რაოდენობის გამო, tv9news.ge -მ შსს–სგან ბოლო სამი წლის სტატისტიკა გამოითხოვა.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ ქურდობის ფაქტები ყოველწლიურად იზრდება. 2016 წელს რეგისტრირებული 48 დანაშაულიდან მხოლოდ 14 ფაქტია გახსნილი, ანუ დაახლოებით 30%.

2017 წელს, რეგისტრირებული დანაშაული წინა წელთან შედარებით 33%–ით გაიზარდა და ჯამში 72 ფაქტი შეადგინა. გახსნის რაოდენობა კი შემცირდა და მხოლოდ 11 შეადგინა, რაც დაახლოებით 15%–ია.

2018 წელს იანვრიდან ივლისის ჩათვლით, მხოლოდ 7 თვეში ქურდობის სულ 59 რეგისტრირებული ფაქტია და აქედან მხოლოდ 13 –ია გახსნილი, ანუ რეგისტრირებული დანაშაულის 22%.

ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი ფიქრობს, რომ ქურდობის ფაქტების გაზრდა ერთის მხრივ გართულებულმა სოციალურმა ფონმა და ამ მხრივ დაუსჯელობის სინდრომმა, ხოლო მეორეს მხრივ პროკურატურის მიერ ოჯახური ძალადობის ფაქტებზე რეაგირების გამკაცრებამ გამოიწვია.

,,ოღონდ ოჯახური საქმე გაიხსნას და ქურდობა და ყაჩაღობა არ აინტერესებთ, რასაც ხალხი ძალიან კარგად ხვდება. შესაბამისად, დაუგროვდათ გაუხსნელი ფაქტები, მითუმეტეს ქურდობის. იციან, რომ ოღონდ ოჯახის წევრს არ შეეხო, დანარჩენზე ყველაფერზე შეიძლება საპროცესო გარიგება".

177–ე მუხლით ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა რომ გაზრდილია ახალციხეში, ამას ეკა აბაშიძეც ფიქრობს. ადვოკატის აზრით, ამის მიზეზი რამდენიმეა – მძიმე სოციალური ფონი, ამნისტიით გამოშვებული მოქალაქეები და დაუსჯელობის სინდრომი.

,,ბოლო წლების განმავლობაში ბევრი გაუხსნელი ფაქტი დაგროვდა. ალბათ ამან უბიძგა დამნაშავეებს მადა გახსნოდათ და ამ მიმართულებით არაერთი დანაშაული ჩაედინათ. არის საუბრები, რომ მუშაობს რამდენიმე ჯგუფი – ერთი ინფორმაციას ვინც აწვდის და მეორე დანაშაულს ვინც ჩადის".

tv9news.ge-ს არქივში ინახება მაღაზიის, მარტოხელა პენსიონერის, სარდაფების, აფთიაქის, ფეი–ექსპრესისა და სხვა ქურდობის ფაქტები, რომელთა ნაწილი, მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, გამოძიებული არ არის.


| Print |