სამართალი
მარიხუანას მოხმარებაზე სანქციები მკაცრდება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მარიხუანის მოხმარების მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად კანონპროექტზე მუშაობს.

ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

"მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი დაყოვნება საფრთხეს უქმნის იმ ლეგიტიმურ ინტერესებს, რომელთა დასაცავად მარიხუანას გარკვეულ გარემოებებში მოხმარების შეზღუდვა თავად საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია დასაშვებად. აღნიშნული გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ შექმნა სრულიად ახალი სამართლებრივი რეალობა - პირად სივრცეში მარიხუანას მოხმარებისთვის არამხოლოდ სისხლისსამართლებრივი, არამედ ადმინისტრაციული სანქციაც მიიჩნია არაკონსტიტუციურად. ამასთან, სასამართლომ დაუშვა მისი მოხმარების აკრძალვა საჯარო სივრცეში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სკოლების სიახლოვეს, ისეთ ადგილებში, სადაც შეზღუდვა მიზნად ისახავს არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისაგან დაცვას და ა.შ.", — აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შსს გეგმით, პირი მარიხუანის მოხმარებისთვის დაისჯება თუ მოხმარება ხდება:

საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას;
ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
არასრულწლოვნის თანდასწრებით;
სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;
არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულ რადიუსში;
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის (მაგალითად, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის).

კანონპროექტით შსს გეგმავს, რომ გარკვეული პროფესიის ადამიანებს მარიხუანის მოხმარებისთვის ჩამოერთმევათ პროფესიული საქმიანობის უფლება და შეეზღუდებათ სამოქალაქო უფლებები. თუმცა, ჯერ პროფესიები დაკონკრეტებული არ არის.

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია გირჩის წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა. სასამართლოს ამ შემთხვევაში არ უმსჯელია მარიხუანის მოპოვების გზებზე.

ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების პოპულარიზაცია ან რეკლამა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას.
| Print |