სამართალი
პოლიცია ცდილობს დაადგინოს მიმოწერის ადრესატი - შსს
არასრულწლოვანის მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების ჩადენის საქმეზე ადიგენის მუნიციპალიტეტის მოხეს მაჟორიტარი დეპუტატი გამოიკითხა.

ის ადიგენის საკრებულოში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, პარტია „ქართული ოცნების“ სიით მოხვდა.

ადიგენის მერი ნოდარ გობაძეს წესიერ და მეოჯახე ადამიანად ახასიათებს. ამბობს, რომ მხოლოდ კარგის თქმა შეუძლია მოხის დეპუტატზე, თუმცა როგორც სხვა რესპოდენტებმა, ზაქარია ენდელაძეც ამბობს, რომ მომხდარის შესახებ მედიისგან გაიგო.

შსს-მ ამ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მას შემდეგ დაიწყო, რაც 4 ნოემბერს, ინტერნეტში გავრცელდა ე.წ. “სქრინშოთი”, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდა კაცი, 15 წლის გოგონას გარყვნილი შინაარსის გზავნილს წერს. მის ფეისბუქ პროფილზე მითითებულ მონაცემების მიხედვით კი ის ადიგენის მუნიციპალიტეტის მოხეს მაჟორიტარი დეპუტატია.

4 ნოემბრის საღამოს, მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლება შეეცადა ამ პირთან დაკავშირებას, მან ჯერ ფეისბუქ პროფილის ინფორმაცია შეცვალა, მოგვიანებით კი მთლიანად გაუქმდა პირადი გვერდი.

ერთი დღის შემდეგ, მოწმის სახით უკვე გამოიკითხა სავარაუდო მიმოწერის ავტორი. ამჟამად პოლიცია ცდილობს დაადგინოს ვინ იყო მიმოწერის ადრესატი.

ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი 5 ნოემბერს საკრებულოში არ მისულა, თუმცა, მისივე განმარტებით, დეპუტატების ყოველდღიური საქმიანობა არ ითვალისწინებს საკრებულოს შენობაში ყოფნას.

ადიგენის საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ რატი ტატალაშვილი კი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდა გავრცელებული ინფორმაცია არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების შესახებ, პოლიტიკური პარტია უახლოეს სხდომაზე დააყენებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს.
| Print |