სამართალი
შეხლა-შემოხლა აქციაზე, რის შედეგადაც ზაზა სალარიძე და მისი დედა შეუძლოდ გახდნენ
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და მისი დედა, მარინა ბეგაძე შეუძლოდ გახდნენ.


ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა, დაახლოებით, 15 წუთიანი ინტერვალით, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

აღნიშნულს წინ უძღოდა დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციას შორის პარლამენტის მიმდებარედ.

პოლიციელები შეეცადნენ, დემონსტრანტებისთვის ჯერ კიდევ გაუშლელი კარვები წაერთმიათ, რასაც მოქალაქეთა წინააღმდეგობა მოჰყვა.

სწორედ ამ გაწევ-გამოწევისას გახდა პირველად შეუძლოდ ზაზა სარალიძე, თუმცა იმ მომენტში მისი კლინიკაში გადაყვანა საჭირო აღარ გახდა.

შვილმოკლული მამის მდგომარეობა შემდგომ გაუარესდა.

პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სარალიძე/მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორებმა კარვები მაინც გაშალეს.

ამ დროისათვის ადგილზე 10-მდე ასეთი კონსტრუქციაა განთავსებული.

აქციის ორგანიზატორები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ღამით არსად წავლენ და კარვებში დარჩებიან, რათა დაიცვან თავიანთი კონსტიტუციური უფლება და მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი.

წყარო: netgazeti.ge
| Print |