სამართალი
15 წლის გოგონაზე სავარაუდო ძალადობის საქმეში, საიას იურისტები ჩაერთვნენ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები, მეათეკლასელ გოგონაზე სავარაუდო ძალადობის საქმეში ჩაერთვნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გოგონას ოჯახს იურიდიული დახმარება, მედიით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ შესთავაზეს.

“ამ ეტაპზე, ოჯახს დოკუმენტების შეგროვებაში ვეხმარებით. სისხლის სამართლის საქმის დეტალებს ჯერ არ ვიცნობთ. თუ რაიმე საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, ვიქნებით ჩართულები. გოგონას დედას განცხადების შედგენაში დავეხმარეთ. განათლების სამინისტრომ სკოლაში სავარაუდო ბულინგზე ადმინისტრაციული წარმოება ამის შემდეგ დაიწყო“ - ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი.

ქეთევან ბებიაშვილი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სკოლაში სავარაუდო ბულინგის საქმესაც შეისწავლიან.

15 წლის გოგონა და მისი დედა ამბობენ, რომ თანაკლასელმა მასზე ერთი წლის წინ იძალადა. გამოძიება მუქარისა და გაუპატიურების მუხლით მარტში დაიწყო, კლასელების გამოკითხვა კი სექტებერში მოხდა. მას შემდეგ, რაც თანაკლასელებმა და მშობლებმა მომხდარის შესახებ გაიგეს, ნაწილმა გამოთქვა სურვილი, რომ ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს სკოლა დაეტოვებინა. მოგვიანებით მოთხოვნა შეცვალეს და მათი შვილების უფლებების დაცვა მოითხოვეს.

თანაკლასელებისა და მათი მშობლების მიერ, 15 წლის გოგონას შესაძლო დისკრიმინაციაზე, მოკვლევა დაიწყო განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურმა.
| Print |