სამართალი
"პოლიციაში ბავშვმა დარეკა, ეწყინა თავში წამორტყმა" - შვილზე ძალადობისთვის მამა დააკავეს
ცხრა წლის შვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით, ბორჯომში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. სოფელში ამბობენ, რომ მას თანასოფლელებთან ერთად ქეიფის დროს შელაპარაკება მოუვიდა, სახლში მისულმა კი ოჯახის წევრებს დაუწყო ჩხუბი.

დაკავებულის მეუღლის თქმით, საღამოს შინ დაბრუნებული ქმარი ნასვამ მდგომარეობაში იყო და ბავშვს „წამოარტყა“. ნაწყენმა შვილმა 112-ზე თავად დარეკა.

ახალგაზრდა მამაკაცს პოლიციამ სახლში გვიან ღამით მიკითხა. ოჯახში ამბობენ, რომ შვილებზე სხვა დროს არ უძალადია, თუმცა სიმთვრალეში ხშირად ჩხუბობდა.

საქმეში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, რომელიც არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით, ოჯახთან მუშაობს.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომართვის საფუძველზე სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ჩაერთო შემთხვევაზე მუშაობის პროცესში, სააგენტოს სოციალურმა მუშაკმა გასწია საპროცესო წარმომადგენლობა.

არასრულწლოვანი რჩება ბიოლოგიურ ოჯახში. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი აგრძელებს მუშაობას ოჯახთან არასრულწლოვნის მხარდაჭერის, საჭიროებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით. დაგეგმილია სოციალურ მუშაკთან ერთად ფსიქოლოგის ჩართულობაც",
- განუცხადეს "მეცხრე არხს" სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში.

დაკავებულის მეუღლესა და თანასოფლელებს სურთ, რომ მამაკაცი გაათავისუფლონ. მას ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმის განხილვა ორი თვის შემდეგ დაიწყება.

გამოძიება საქართველოს სსკ–ის 126–ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.


| Print |