სამართალი
ახალციხის მერიამ ვეტერანების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ახალციხის მერიამ ვეტერანების წინააღმდეგ რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ქალაქის თვითმმართველობა პეტრე იბერის #17–ში მდებარე შენობაში უკანონოდ შეჭრილი ოჯახების გამოსახლებას ითხოვს. მიიღებს თუ არა მართლმსაჯულების ორგანო სამოქალაქო სარჩელს წარმოებაში, სასამართლო მერიას 14 დღის ვადაში აცნობებს.

ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლა–პანსიონის ყოფილი შენობა სოციალურად დაუცველთა და ვეტერანთა ათმა ოჯახმა 2016 წლის სექტემბერში უკანონოდ დაიკავა. შენობის მესაკუთრე ქალაქის მერიაა, რომელმაც ობიექტი "სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს" უზურფრუქტის წესით 2014 წლის 4 ივნისს გადასცა. სააგენტოს შენობაში საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა აქვს დაგეგმილი.

უკანონოდ შეჭრილი ოჯახების გამოსახლების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა "სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტომაც". თუმცა, მართლმსაჯულების ორგანომ საქმე წარმოებაში არ მიიღო, რადგან არ ჩანდა მესაკუთრის, ანუ ახალციხის მერიის პოზიცია. სარჩელის განხილვის შემთხვევაში, სააგენტო პროცესში სავარაუდოდ, მესამე პირად ჩაერთვება.

ახალციხის მერიამ სასამართლოში სარჩელი 1 თებერვალს შეიტანა



| Print |