სამართალი
მეუღლის ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულის საქმე განიხილა. წინასასამართლო სხდომაზე პროკურორმა გიორგი აღლემაშვილმა იმ მტკიცებულებების ნუსხა წარადგინა, რომლის საფუძველზეც საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. მტკიცებულებების ნაწილი დაცვის მხარემ სადავოდ მიიჩნია. ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, მოწმეები უნდა დაიკითხოს სასამართლოში და გამოიკვეთოს ძალადობის ფორმა – დამცირება, რომელსაც მამუკა ბარბაქაძის მეუღლე მისი დაცვის ქვეშ მყოფის მისამართით სისტემატიურად ახორციელებდა.

დღესვე მოსამართლე ლუიზა თოდუამ ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების საკითხს გადახედა და მხარეებს არგუმენტების წარდგენის საშუალება მისცა. ბრალდების მხარის მტკიცებით, არსებობს საფრთხე მამუკა ბარბაქაძემ ახალი დანაშაული ჩაიდინოს, გაანადგუროს მტკიცებულებები და ზემოქმედება მოახდინოს მოწმეებზე.

"სასამართლოზე მისმა ნათქვამმა ფრაზამ გაამყარა ჩემი ეჭვები, რომ შესაძლებელია კვლავ ჩაიდინოს დანაშაული. ბრალდებული აცხადებს, რომ თავს დამნაშავედ ცნობს, თუმცა მორალურად მართალია და ამბობს, რომ ცემას იმსახურებდა. ამიტომ ვითხოვ, 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება – აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, ძალაში დარჩეს" – აღნიშნა სასამართლოზე პროკურორმა გიორგი აღლემაშვილმა.

ბრალდებულის ადვოკატის ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასამართლოზე არ უთქვამს, რომ მეუღლე ცემას იმსახურებდა.

"მან განაცხადა, რომ თავს ცნობს ნაწილობრივ დამნაშავედ, თუმცა მორალურად არის მართალი. ეს ასეა და ამიტომაც გავხადეთ მტკიცებულებების ნაწილი სადავოდ. სსკ–ის 126–ე პრიმა მუხლის მიხედვით, ოჯახში ძალადობის ერთ–ერთი ფორმაა დამცირებაც, რასაც მამუკა ბარაქაძის მეუღლე მისი მისამართით სისტემატიურად ახორციელებდა. სასამართლომ უნდა გამოავლინოს მისი დანაშაულიც" – განმარტა სასმართლოზე ნუგზარ სამარჯიშვილმა.

უფლებადამცველის თქმით, მისი ოჯახის წევრები ფინანსურად მხოლოდ მასზე არიან დამოკიდებულები და პატიმრობაში დატოვების შემთხვევაში ისინი შემოსავლის გარეშე რჩებიან.

"რაც შეეხება პროკურორის მიერ წარმოდგენილ არგუმენტს – მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენის საფრთხეს, ბრალდებულს მოწმეებზე ზემოქმედება არ სჭირდება, რადგან ბრალს თავადაც აღიარებს. გარდა ამისა ისინი თითქმის განქორწინებულები არიან და მამუკა ბარბაქაძისთვის მისი მეუღლის ქმედებები გამაღიზიანებელი აღარ იქნება" – აღნიშნა მამუკა ბარბაქაძის ადვოკატმა. ნუგზარ სამარჯიშვილმა ბრალდებულის გათავისუფლება გირაოს სანაცვლოდ მოითხოვა.

არგუმენტების მოსმენის შემდეგ მოსამართლე ლუიზა თოდუამ მიიჩნია, რომ პატიმრობის სხვა ღონისძიებით შეცვლის საფუძველი არ არსებობს, ამიტომ მისი გადაწყვეტილებით, ბრალდებული პატიმრობაში რჩება.

სასამართლოზე ასევე გახდა ცნობილი, რომ მხარეები პარალელურად საპროცესო გარიგებაზეც მუშაობენ.

მომდევნო სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. სხდომა 7 ივლისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ბარბაქაძე პოლიციამ, ოჯახში არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, სოფელ გიორგიწმინდაში დააკავა. ბრალდებულის დაკავება მისი მეუღლის განცხადების საფუძველზე მოხდა, რის შემდეგაც სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და დაკავებულის გათავისუფლება მოითხოვა.


| Print |