სამართალი
მოპარული პირუტყვი და დადეშელების საპროტესტო აქცია
21 ძროხა, ცხენი, ძაღლი და ავტოფარეხიდან სხვადასხვა სახის ტექნიკა, ექვსი ნოემბრის ღამეს, სოფელ დადეშის ორ მოსახლეს მოპარეს.


პირუტყვის ნაკვალევმა ადგილობრივები თურქეთის საზღვართან მიიყვანა. ნეიტრალურ ტერიტორიაზე, მესაზღვრეებისგან დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით, დადეშის მაცხოვრებლებმა მოპარული შვიდი ძროხა და ხბო ნახეს.

მომხდარიდან რამდენიმე საათში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის მაცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად ახალქალაქი–კარწახის ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქციის 40–მდე მონაწილე სამართალდამცველებისგან დახმარებას ითხოვდა.

დადეშელები იმ პირუტყვისა და ტექნიკის დაბრუნებას მოითხოვენ, რომელიც მათ სოფელში წინა ღამეს დაიკარგა. ვითარების განმუხტვის მიზნით, აქციის მონაწილეების ნაწილი, სამართალდამცველებთან სასაუბროდ შევიდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სამართალდამცველები მათ დაკარგული პირუტყვის მოძებნაში დახმარებასა და სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზებას დაპირდნენ.

ცენტრალური გზის გადაკეტვით, დადეშელები, სამართალდამცველებისგან დაკარგული პირუტყვის დაბრუნებას, ხოლო მესაზღვრეებისგან მეტ ყურადღებას მოითხოვენ.

ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა ,,ჯეინიუსი" ავრცელებს.





| Print |