სამართალი
"გლეხი, რომელსაც სახელმწიფომ საქონელი წაართვა"
მაჰამარ გაჯიევი მისი საქონლის დაბრუნებას ექვსი თვეა ელის. ფერმერმა 31 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ურავლის ხეობაში, თურქეთ–საქართველოს საზღვართან, ე.წ. ნაღებას მთაში

ივნისის დასაწყისში დაკარგა. საქონელი ქართველმა მესაზღვრეებმა იპოვეს, თუმცა პატრონი მათ დაბრუნებას ამ დრომდე ელის.

"როცა შევამჩნიეთ, რომ საქონელი ფერმაში არ დაბრუნდა, განცხადება დავწერე ახალციხის პოლიციაში. ერთი კვირის შემდეგ შემატყობინეს, რომ ჩვენი პირუტყვი მესაზღვრეებს დაუჭერიათ. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არ მიბრუნებენ ჩემს ძროხებს. ეს საქონელი უნდა გამეყიდა და ბანკში ვალი გადამეხადა. ამის გამო, ერთი თვეა კრედიტი არ შემიტანია".

სამ საგარეჯოელ ფერმერს პირუტყვი ურავლის ხეობაში საძოვრად გაზაფხულზე ჩამოჰყავთ. ერთ–ერთი მეპატრონე იხსენებს, რომ საქონელი არაერთხელ დაეკარგათ, თუმცა მესაზღვრები მათი პოვნის შემდეგ, ფერმერებს უბრუნებდნენ.

საგამოძიებო უწყების გულგრილობად აფასებს მომხდარს ფერმერის ადვოკატი. უფლებადამცველი ამბობს, რომ ამ დრომდე არ გამოკითხულა არც ერთი მეპატრონე და მწყემსები. ირაკლი ბარძიმაძე აპირებს, რომ სახალხო დამცველს და გენერალურ ინსპექციას მიმართოს. საქმის დასრულებამდე პირუტყვის მეპატრონისთვის გადაცემას საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს.

ექვსი თვის წინ ნაპოვნი 31 სული პირუტყვის მეპატრონის დადგენას, ამ დრომდე ცდილობს სასაზღვრო პოლიცია. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19–214 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც დანაშაულის მცდელობას და საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას გულისხმობს. სასაზღვრო პოლიციაში საქონლის ადგილსამყოფელს არ ამხელენ.

ფერმერებმა ურავლის ხეობა უკვე დატოვეს და საგარეჯოში ნაკლები პირუტყვით დაბრუნდნენ. წასვლამდე კი, თურქეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, კიდევ 11 სული პირუტყვი დაკარგეს. მიაგნეს თუ არა მესაზღვრეებმა საქონელს – ფერმერებისთვის ჯერ არავის უცნობებია.


| Print |