სამართალი
56 ძირ უკანონოდ მოჭრილ წიწვოვან მცენარეს, ბაზარში ყიდდნენ
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარეების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

ქალაქ ზუგდიდის ბაზარში, 4 პიროვნება უკანონოდ ახდენდა წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარეების რეალიზაციას. ამოღებულია კრიპტომერიის, ნაძვისა და სოჭის სახეობის 56 ძირი ხე-მცენარე. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 6 160 ლარი შეადგინა.

ინფორმაციასა და ფოტომასალას, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები საქართველოს რეგიონებში, წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვებისა რეალიზაციის აღკვეთის მიზნით, უწყვეტ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას, რომ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე. ამასთან თუ ქმედება დაცული ტერიტორიებზე ხორციელდება, ჯარიმის ოდენობა 400-დან 500 ლარამდე იზრდება.

კანონდარღვევა ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 600 ლარამდე. გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, სამართალდამრღვევს დაეკისრება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც. თუ ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1 000 ლარს, დგება პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
| Print |