სამართალი
ვალის აქციის მონაწილე გარდაცვლილი იპოვეს

ვალეში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვილი იპოვეს.



გარდაცვლილი სააბაზანოში ჩამომხრჩვალი 29 დეკემბერს, დაახლოებით 11 საათზე თანამშრომლებმა იპოვეს.

მეგობრების თქმით, 39 წლის მამაკაცს ბოლოს წუხელ ესაუბრნენ. დღეს დილით კი, მას შემდეგ რაც სამსახურში არ მივიდა და არც სატელეფონო ზარებს პასუხობდა, მის საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან შევიდნენ, თუმცა მეგობარი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად, ფინანსურ პრობლემებს ასახელებენ.

გარდაცვლილი ვალეს კულტურის სახლისა და ბაგა–ბაღის რეაბილიტაციაზე მუშაობდა. მშენებელ კომპანიას იგი ხელოსნებითა და მუშებით ამარაგებდა.

აფხაზეთიდან დევნილი მამაკაცის ძირითადი საცხოვრებელი ბათუმში იყო, იგი ვალეში ზაფხულში, სამსახურის გამო გადმოვიდა და სახლი სტალინის ქუჩაზე იქირავა. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

შსს–ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეს ახალციხის რაიონული სამმართველოს ვალეს განყოფილება იძიებს.

 


| Print |