სამართალი
ბინის მეპატრონეები საკუთარ სახლებში შესვლას ითხოვენ
9 აპრილის ქუჩაზე, მშენებარე ბინების მეპატრონეებმა, ამხანაგობის შექმნა და საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოს გზით გადაწყვიტეს.

ბინების მესაკუთრეები, 3 თებერვალს, შინაგან საქმეთა  და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლებისგან პასუხის მისაღებად მშენებარე კორპუსთან შეიკრიბნენ.

მესაკუთრეთა ნაწილმა, ბინა ჯერ კიდევ 4 წლის წინ შეიძინა, თუმცა დღემდე მათ შესვლის უფლებას არავინ აძლევს.

როდის დასრულდება ბინების მშენებლობა და როდის შეძლებენ საკუთარ სახლებში ცხოვრებას, ამის შესახებ, დაზარალებულებმა პასუხი ყველა იმ წარმომადგენელისგან მოითხოვეს, ვინც 9 აპრილის ქუჩაზე, არსებული ბინების მშენებლობაში მონაწილეობას იღებდა, თუმცა უშედეგოდ.

მრავალსართულიანი კორპუსები შპს "ზიმომ" ააშენა. აშენებული 108 ბინიდან 105 უკვე გაყიდულია. კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ორგანიზაციამ საკუთარი მოვალეობა შეასრულა, თუმცა მესაკუთრეები როდის შევლენ ბინებში, ეს უკვე შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებმა უნდა გადაწყვიტონ.

ბინების მფლობელებმა დღეს ამხანაგობის სია შეადგინეს. ისინი ყველა პასუხისმგებელ პირთან წერილის გაგზავნას აპირებენ.

იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს ათ დღეში პასუხს არ მიიღებენ, მეპატრონეები სასამართლოში საჩივრის შეტანას გეგმავენ.





| Print |