სამართალი
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს თანამშრომელმა დავა მოუგო
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ბორჯომის საკრებულოს მთავარი სპეციალისტის ადმინისტრაციული სარჩელი დააკმაყოფილა.

მოსამართლემ, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, ნონა ლურსმანაშვილისთვის დაკისრებული დისციპლინარული პასუხისმგებლობა, 9 თებერვალს ბათილად ცნო. გია ბერაიამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განმარტა, რატომ მიიჩნია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, თანამშრომლისთვის მიცემული გაფრთხილება უკანონოდ.

"სახეზეა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის არსებითი დარღვევა. სასამართლოს მიაჩნია, რომ სამუშაო ოთახიდან გასვლა ყოველთვის არ შეიძლება ჩაითვალოს სამსახურის არაჯეროვნად შესრულებად. ნონა ლურსმანაშვილის მიერ, მსგავს საქციელს ადგილი არ ჰქონია, რადგან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია", – განაცხადა მოსამართლემ.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნონა ლურსმანაშვილს ადმინისტრაციული სახდელი 2017 წლის 14 დეკემბერს დააკისრა.

"საპირფარეშოში ვიყავი გასული, საკრებულოს თავმჯდომარემ კი საყვედური დამიწერა სამუშაოს არაჯეროვნად შესრულების გამო". – აცხადებს მოსარჩელე. ნონა ლურსმანაშვილი ფიქრობს, რომ ზაზა ჩაჩანიძემ ეს გადაწყვეტილება პირადი წყენის გამო მიიღო.

"იმის გამო, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე რამდენიმე თანამშრომელი არ გავყევით ოპოზიციაში, დაიწყო ჩვენი დასჯა", – ამბობს ნონა ლურსმანაშვილი.

საკრებულოს თანამშრომლის ინტერესებს, სასამართლოში "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტები იცავდნენ.

"დისციპლინარული პასუხისმგებლობის შეფარდებამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ ნონა ლურსმანაშვილს ჩამოართვა ქალთა ოთახის კოორდინატორის ფუნქცია ისე, რომ ამის შესახებ აქტი არ დაწერილა. ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვი – ხომ არ აქვს ადგილი საკრებულოს თავმჯდომარის მიერ თანამშრომლის დევნას, რათა მოხდეს მისი გათავისუფლება", – ამბობს ქეთევან ბებიაშვილი.

მოპასუხე მხარეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის იურისტი წარმოადგენდა. მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. "მოსამართლის გადაწყვეტილებაზე მიმართეთ საკრებულოს", – განაცხადა თეა კიკაძემ.

ზაზა ჩაჩანიძეს ტელეფონით ვესაუბრეთ. "მოსამართლის დადგენილებას ვნახავ და მივიღებ გადაწყვეტილებას, გავასაჩივრებ თუ არა".





მოსარჩელე მხარის განცხადებას, რომ ნონა ლურსმანაშვილმა საყვედური პოლიტიკური შეხედულების გამო მიიღო, ზაზა ჩაჩანიძემ სასაცილო უწოდა.

"ნონა ლურსმანაშვილს რა ესიზმრება არ ვიცი. პოლიტიკური ნიშნით დევნაზე რომ საუბრობს, ექვსი კაცია გათავისუფლებული ვისაც სხვისი მხარე ეჭირა" – განაცხადა ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ.

ნონა ლურსმანაშვილი თვითმმართველობაში 15 წელია მუშაობს. როგორც თავად აცხადებს, ამ ხნის მანძილზე, საყვედური ან გაფრთხილება არ მიუღია.

მოსამართლის დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებს ორი კვირის ვადაში ჩაბარდებათ. ამის შემდეგ ბორჯომის საკრებულოს შეეძლება, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.
| Print |