სამართალი
საკრებულოს ინტერესებს სასამართლოში დაქირავებული ადვოკატი დაიცავს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეში, კიდევ ერთი ადვოკატი ჩაერთო. საკრებულოს ინტერესებს, წარმომადგენლობითი ორგანოს იურისტ თინათინ ლეკიშვილთან ერთად, პაატა კიკვიძე დაიცავს. დაქირავებულმა ადვოკატმა, საქმეში ჩართვის შესახებ, 9 თებერვალს გამართულ მთავარ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
ადვოკატი პაატა კიკვიძე

პაატა კიკვიძემ საქმისა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებების გასაცნობად, რამდენიმე დღე მოითხოვა. მოსამართლე გია ბერაიამ სხდომა 12 თებერვალს ჩანიშნა.

მოპასუხე მხარემ სასამართლო სხდომის გადადება, უკვე მეორედ მოითხოვა.

ეკა ტატალაშვილისა და თეა ბაღდოშვილის ინტერესებს, "საქართველოს ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციის" იურისტები იცავენ. დღეს გამართულ სხდომაზე, მოსარჩელე მხარემ, დამატებითი მტკიცებულებები წარადგინა.

ადვოკატების თქმით, საკრებულოდან გათავისუფლებულმა ორივე თანამშრომელმა, მობილობის პროცესისა და მათი სტატუსის გასარკვევად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაერთი წერილით მიმართეს. დოკუმენტაცია მოსარჩელე მხარის მოთხოვინით, საქმეს დამატებით მტკიცებულებად დაერთო.

სასამართლო სხდომას "ევროპული საქართველოს" წევრები ესწრებოდნენ. საკრებულოს მიერ დამატებითი ადვოკატის დაქირავებას, ახალციხის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამოეხმაურა.

,,იმდენად არაკანონიერად მოხდა ეკა ტატალაშვილის და თეა ბაღდოშვილის გათავისუფლება, რომ საკრებულო ჩიხშია შესული. როგორც ჩანს, თვითმმართველობაში არ აღმოჩნდა კვალიფიციური იურისტი, რომ სასამართლოზე მოპასუხე მხარის ინტერესები დაეცვა. ამიტომ მოუწიათ ბიუჯეტის თანხით ადვოკატის აყვანა", – განაცხადა გელა დემეტრაძემ.

საქმეში დამატებითი ადვოკატის ჩართვის საჭიროება, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახსნეს:

,,საქმიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, ადვოკატი აგვეყვანა. ადამიანები წლებია ერთად მუშაობენ და სასამართლოში ერთმანეთის პირისპირ უნდა დამდგარიყვნენ. პირადი ურთიერთობის გამო, თვითმმართველობის იურისტებს გაუჭირდებოდათ საკრებულოს პოზიციის დაცვა. ჩვენი აზრით, უფრო კომპეტენტური ადვოკატი შევარჩიეთ", – განუცხადა "მე–9 არხს" საკრებულოს თავმჯდომარემ.

რა დაუჯდება ადგილობრივ ბიუჯეტს ადვოკატის აყვანა – გელა ნოზაძე ზუსტ ციფრს არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ კვალიფიციური იურტისტისთვის საშუალოდ, 2 000 ლარის გადახდა მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ თეა ბაღდოშვილი და ეკა ტატალაშვილი საკრებულოს აპარატიდან 2017 წლის 1–ელ დეკემბერს გაათავისუფლეს. პოზიცია, რომელიც მათ ეკავათ, სხვა პირებმა დაიკავეს, ყოფილ თანამშრომლების კი თვითმმართველობაში განუცხადეს, რომ მობილობის პროცესი წარმატებით ვერ გაიარეს.

საკრებულოს ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ ისინი სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს.

საკრებულოს ორივე თანამშრომელმა სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბერს მიმართა. ისინი სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ.

| Print |