სამართალი
ახალციხის მერიას გათავისუფლებულმა თანამშრომელმა უჩივლა
ახალციხის მერიას სასამართლოში კიდევ ერთი გათავისუფლებული თანამშრომელი უჩივის.

თვითმმართველობაში დანიშვნას ამჯერად სოფიო შევჩენკო ითხოვს. მას საქმის წარმოებისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში უფროსი სპეციალისტის პოზიცია ეკავა.

სოფიო შევჩენკოს ადმინისტრაციული სარჩელი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო. სხდომა 13 მარტსაა ჩანიშნული.

სასარჩელო მოთხოვნაში წერია, რომ შევჩენკო იგივე ან ტილფას პოზიციაზე დანიშვნას და იძულებით განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

სოფიო შევჩენკოს პოზიციის დატოვება 2017 წლის 14 ნოემბერს მოუწია. ახალციხის მერიამ მიზეზად ის დაუსახელა, რომ მობილობის პროცესი წარმატებით ვერ გაიარა.

პოზიციაზე, რომელიც სოფიო შევჩენკოს ეკავა, მერიამ კონკურსი გამოაცხადა და ახალი თანამშრომელიც შეარჩია.


სოფიო შევჩენკო ახალციხის მერიაში 2 წელიწადნახევარი მუშაობდა. აღნიშნულ პოზიციაზე საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ შეირჩა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას, ერთი და იგივე მოთხოვნით, უკვე მესამე თანამშრომელი უჩივის.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოს აპარატის ყოფილი თანამშრომლები, თეა ბაღდოშვილი და ეკა ტატალაშვილი, სამსახურში აღადგინა.
| Print |