სამართალი
ახალციხის საკრებულო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ყოფილი თანამშრომლების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.

წარმომადგენლობითი ორგანო მოსამართლის გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებს. საკრებულოს აპარატში განმარტავენ, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას – სამსახურში აღადგინონ თეა ბაღდოშვილი და ეკა ტატალაშვილი, სააპელაციოში გაასაჩივრებენ.

"მოსამართლის გადაწყვეტილება ჩაგვბარდა. ახლა გვაქვს 14–დღიანი ვადა, რომ სარჩელი სააპელაციოში შევიტანოთ. საკრებულოში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად გავასაჩივრებთ", – ამბობენ საკრებულოში.

თვითმმართველობაში ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ვინ იქნება მათი წარმომადგენელი მაღალ ინსტანციაში. ახალციხის რაიონულ სასამართლოში საკრებულოს ინტერესებს, დაქირვებული ადვოკატი იცავდა.

შეგახსენებთ, რომ თეა ბაღდოშვილი და ეკა ტატალაშვილი საკრებულოს აპარატიდან 2017 წლის 1–ელ დეკემბერს გაათავისუფლეს. პოზიცია, რომელიც მათ ეკავათ, სხვა პირებმა დაიკავეს, ყოფილ თანამშრომლების კი თვითმმართველობაში განუცხადეს, რომ მობილობის პროცესი წარმატებით ვერ გაიარეს.

თეა ბაღდოშვილი და ეკა ტატალაშვილი საკრებულოს აპარატში სასამართლომ აღადგინა.
| Print |