სამართალი
ახალციხეში, ქვეითთა გადასასვლელზე მოზარდს ავტომობილი დაეჯახა
ახალციხეში, ნათენაძის ქუჩაზე, 10 წლის ბიჭს, ავტომობილი დაეჯახა.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ცენტრალურ პარკთან ბავშვი "ზებრა" გადასასვლელისკენ მოულოდნელად გაიქცა, მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო და დაეჯახა.

"მანქანამ "ზებრაზე" დაარტყა, ბავშვი მანქანის ქვეშ შევარდა. გონება არ დაუკარგავს. წამოდგომას აპირებდა, მაგრამ ვუთხარით, რომ სასწრაფოს მოსვლამდე არ განძრეულიყო", – ამბობენ თვითმხილველები.

მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

"გამოძახება 14:58 წუთზე დაფიქსირდა, ეკიპჟი შემთხვევის ადგილზე 9 წუთში მივიდა. ბრიგადას ადგილზე 10 წლის მოზარდი დახვდა, რომელსაც მრავლობითი ტრავმები აღენიშნებოდა. პირველადი დახმარების აღმოჩენისთანავე, გადაყვანილია ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში",
– განაცხადეს სასწრაფო დახმარების ცენტრში.

შემთხვევის ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც. შსს–ში ამბობენ, რომ გამოძიება სსკ–ის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს.
| Print |