სამართალი
"პოლიციელი ცოლზე ძალადობას უარყოფს" – ბრალდებულის ადვოკატი
ცოლსა და არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით, შსს–ოს ორი თანამშრომელი დააკავეს.

გამოძიება ძმებ ბლუაშვილებს არასრულწლოვნის თანდსასწრებით ქალზე განხორციელებულ ძალადობას ედავება.

შემთხვევა 9 აპრილს მოხდა.

"მთვრალი ყოფილა და ცოლ–შვილი ჩაუჯენია მანქანაში. სხვა სოფელში მიდიოდნენ. გზაში რამდენჯერმე საავარიო სიტუაცია შეუქმნია. შეშინებული ქალი ბავშვებიანად გადმომხტარა. თურმე ქმარი ეჩხუბებოდა მანქანაში ჩაჯექიო. ამ დროს ნასვამი მაზლი უკნიდან მიადგა და გოგო ორივემ სცემა"
– ამბობენ ბრალდებულების სოფელ კლდეში.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, 13 აპრილს, ორივე მათგანს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულების ადვოკატი ამბობს, რომ იაკობ ბლუაშვილი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და ცოლზე ძალადობას კატეგორიულად უარყოფს. მისი ძმა კი ამბობს, რომ მანქანაში ჩაჯდომის მიზნით, რძალს ხელი მკლავზე მოჰკიდა.

დაზარალებულის თქმით, მათ ოჯახში ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის. ბრალდებული ამასაც უარყოფს.

"აღკვეთის ღონისძიებად გირაოს სახით თითოეულზე 10 ათასი ლარი შევთავაზეთ, თუმცა სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. დაზარალებულმა დაწერა განცხადება, რომ არც მეუღლისა და არც მაზლის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს", – ამბობს ნოდარ აკოფაშვილი.

გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

| Print |