სამართალი
სამცხე–ჯავახეთში, ხე–ტყის უკანონო ჭრის 59 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, აპრილში ხე–ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები დაითვალა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 442 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 32 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.


ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 75 ფაქტი გამოვლინდა ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, კახეთის მასშტაბით - 70 ფაქტი დაფიქსირდა, შიდა ქართლში - 61,
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 59 ფაქტი.

იმერეთში - 58 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 42 ფაქტი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 30, მცხეთა-მთიანეთში - 20 ფაქტი, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 19, ხოლო გურიაში - 8 ფაქტი დაფიქსირდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2430 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 65 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 16 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
| Print |