საზოგადოება
სტიქია ახალციხეში
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილაში ძლიერი წვიმის გამო მდინარე ადიდდა. მდინარის ადიდების შედეგად საკარმიდამო ნაკვეთები და ნათესები დაიტბორა.

სამი სოფლის - წყალთბილის, სხვილისის და ვალის მეორე შახტის დასახლებაში სტიქიამ ნაკვეთები, ინფრასტრუქტურა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა.



ადგილობრივების განცხადებით, სოფელ წყალთბილაში მდინარის ადიდება, ვალეში, ხიდის დაზიანებამ გამოიწვია, რომელიც ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ დააზიანა. წყალმა ხიდს საყრდენი გამოაცალა. ჯერ კიდევ შეზღუდულია ხიდზე გადაადგილება.






მოსახლეობის ვარაუდით, ხევის ადიდება მთაში მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია. ღვარცოფისგან მოგლეჯილი ხეები და ლოდები წყალმა სოფელში ჩაიტანა და ადგილობრივების ეზოში შევარდა.



წყალთბილაში დაიტბორა საპირფარეშოები და ადგილობრივების ნათესები. მოვარდნილმა ძლიერმა წყალმა, ნაკვეთებში რამდენიმე საათი იდინა. როგორც ვალეში მცხოვრებლები აცხადებენ, მათ ნაკვეთები დაზღვეული არ ჰქონდათ, რის გამოც დაზარალებულები დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ.



ძლიერი წყალი „მეორე შახტაში“ შუადღით მოვარდა. სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სპეც-ტექნიკა.



სტიქიის ზონაში გუბერნატორთან ერთად იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის თანმაშრომლები, ასევე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცავები.




შექმნილია ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის შექმნილ მდგომარეობას.

| Print |